მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის, ნეპალში ავარიას 32 ადამიანი ემსხვერპლა - 13 ოქტომბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის“ - თამარ გაბუნია

„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროცესში მონაწილეობისთვის ექსპერტების თანხმობა უკვე არსებობს.

„იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ და საკითხზე პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის პერსონა

„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიწყება ახალი ერა, როცა იმით, რომ მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა“, - ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დროა საქართველოში საყოველთაო შერიგებაზე ფიქრი დაიწყოს და მისი მთავარი გზავნილიც მესამე პრეზიდენტის მიმართ სწორედ ეს იყო.

„მე რაც ვნახე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი და ყველას მიმართ, ეს თქვენც ყველას გეხებათ. დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა და შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი.

მე ვთხოვე ბატონ მიხეილს მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის და ასევე რომელ ტელევიზიებთანაც მას მიუწვდება ხმა, მოუწოდოს ყველას, ვიფიქროთ საყოველთაო შერიგებასა და ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი რამ ერთმანეთისთვის. მე ვფიქრობ ჯერ კიდევ ეს იწყება წარსულიდან, კომუნისტებიდან, შემდეგ იყო პირველი პრეზიდენტი და მძიმე ოთხმოცდაათიანი წლები და ბევრი კიდევ სხვა რამ. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, საყოველთაო შერიგება პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის დალაგებით უნდა დაიწყოს.

დღის ფრაზები

ვოლსკი სააკაშვილზე:

„პრაქტიკა, რომ საკუთარი მოქალაქე გამოითხოვო, მსოფლიოში არსებობს “

თეა წულუკიანი:

„სააკაშვილის გარდაცვალების რისკი ღმერთმა დაგვიფაროს“

ლევან ხაბეიშვილი:

„სააკაშვილი ისე გავიდოდა ქვეყნიდან, ვერც გაიგებდნენ, მოიკითხონ, 2020-შიც ხომ არ იყო ჩამოსული?“

ზაალ უდუმაშვილი:

„სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“

გუბაზ სანიკიძე:

„აქამდე ქართველი ხალხი ელოდა სააკაშვილს და ახლა მიშა ელოდება მათ“

დევი ტაბიძე:

„მირჩევნია ვაქცინაცია გავხადოთ იძულებითი, ვიდრე ადამიანები დავკარგოთ“

სააკაშვილის ადვოკატები:

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირადი ექიმის ვიზიტი, აქტიური მოძრაობები უჭირს და ფერმკრთალია“

ევროპარლამენტარი:

„ეს არ არის ბოლომდე დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია“

კახა გოგოლაშვილი:

„3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს“

სააკაშვილის ექიმი:

„არ ხერხდება ჩემი შესვლა მიშასთან და ძალიან ვნერვიულობ“

დღის ცუდი ამბავი

შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ბაბუა დააკავეს

შიდა ქართლში შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც 13 წლის მოზარდი სკოლაში შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდი ამ დროისთვის კლინიკაში რჩება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.

დღის კარგი ამბავი

26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო, სადაც გზის საფარის მოწყობამდე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 7 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, რისთვისაც 730 873 ლარი დაიხარჯა.

აღმაშენებლის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე კი, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 370 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა საფარი 6 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.

დღის უცხოური ამბავი

ნეპალში ავარიას 32 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში, მუგუს შორეულ მთიან რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავებულია 17 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ფანინდრა მანი პოხარელმა განაცხადა, რომ დაზარალებულები სამხედრო და Summit Air-ის ვერტმფრენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

პოლიციის უფროსმა რამ ბაჰადურ მაჰატმა განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია. მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

დღის ფოტო

მისტიური ტყე ლაგოდეხის ეროვნულ პარკში📸 Vakho Nozadze Tsereteli

დღის ვიდეო

„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ - ნინო ბურჯანაძე

„ღირსებად არ მიმაჩნია, რაც არ უნდა გაბრაზებული, აღშფოთებული იყო, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა, ნიშნისმოგებით საუბარი, ცინიზმი - ეს არ არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები უპატივცემულობაა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა დღეს უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა და კოალიციური მთავრობის შექმნა.

„ჩვენ არ გვიკვირს ხელისუფლების მხრიდან ცინიკური განცხადებები, იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც მივეჩვიეთ მათი მხრიდან, ესაა უპატივცემულობა, დაცინვა, ცინიზმი, მასხრად აგდება.

ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი აქ არის ის, რომ სააკაშვილი არ ზის ციხეში სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მის მიმართ იმიტომ კი არ განხორციელდა ეს ღონისძიებები, რომ ხელისუფლების მხრიდან ვინმეს მართლა სამართლიანობის აღდგენა უნდა, არამედ ხელისუფლებას სჭირდებათ ძალაუფლებისთვის მიშა ციხეში იყოს.

ქართული საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს ვიბრძოლოთ ვადამდელი არჩევნებისთვის, კოალიციური მთავრობის, ხელისუფლებისათვის და სამართლიანი სასამართლოსთვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.