მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფინალური პროცესი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფინალური პროცესი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული პროექტის - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფორმატის მე-2 სეზონის ფინალური იმიტირებული პროცესი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა. მე-2 სეზონის ფინალური სამსჯავროს სასწავლო-სამეცნიერო კვლევის თემატიკა ეხებოდა ედუარდ შევარდნაძის მიერ გატარებული პოლიტიკის შესაბამისობას ეროვნულ ინტერესებთან.

კენჭისყრის შედეგად, იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩაერთო 7-7 მონაწილისგან შემდგარი უფროსკლასელთა ორი გუნდი: ბრალდების მხარე - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის გუნდი „რონდო“, დაცვის მხარე - გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდი „თოტი“.

იმიტირებული სამსჯავრო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა გახსნა. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, პროექტი ახალგაზრდების დაინტერესების, სასწავლო-სამეცნიერო პროცესში ხალისით ჩაბმისა და მათი ცოდნის შეფასების ახლებური და ეფექტური ფორმაა.

„პროექტის ავტორი ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი ჰენრი კუპრაშვილია. „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ხორციელდება, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სასკოლო ფორმატში და მასში ჩართულნი არიან ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელები. ახალგაზრდები იკვლევენ, თუ რამდენად შეესაბამებოდა სხვადასხვა საუკუნის ცნობილი პოლიტიკური პერსონების მიერ გატარებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იმიტირებული პროცესების მზადებისას სახალისოდ და ძალდაუტანებლად ხდება პოლიტმეცნიერების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების შესწავლა, ხდება მათი ჰარმონიული ურთიერთკვეთა და ერთგვარი შერწყმა. სწორედ ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის მიზანი - დააინტერესოს ახალგაზრდა თაობა და შედეგად, ხელი შეუწყოს მრავალმხრივ განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას“, - განაცხადა ლევან კლიმიაშვილმა.

პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფორმატის ფინალური იმიტირებული პროცესის მე-2 სეზონის გამარჯვებულად გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდი „თოტი“ დასახელდა.

ბრალდებისა და დაცვის მხარეთა კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და დებატებში მონაწილეობის უნარებს, პოლიტიკისმცოდნეობის საკითხებში განსწავლას, ისტორიულ წყაროებთან და საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის შეძენილ გამოცდილებას აფასებდა საგამოცდო კოლეგია (ნაფიცი მსაჯულები), რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია (პროექტის თანახელმძღვანელი), რექტორის მრჩეველი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი.

მე-2 სეზონის ფინალურ იმიტირებულ პროცესამდე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს სამსაჯავროებში, რომელზეც განხილულ იქნა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ ინტერესებს პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ ქართველი პოლიტიკური ფიგურები: ვახტანგ VI, ერეკლე II, ლავრენტი ბერია, გიორგი სააკაძე, ალექსანდრე ბატონიშვილი და გიორგი III. დაძაბულ ბრძოლაში პროცესს გამოეთიშნენ: თბილისის 127-ე, 166-ე, 178-ე, ხაშურის მე-8 და ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „ახალი ლიცეუმის“ უფროსკლასელთა გუნდები.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებათა პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ (ავტორი პროფ. ჰენრი კუპრაშვილი), ასევე, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად აპოლიტიკურია, გამორიცხავს მიმდინარე პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან შეხებას და მოიცავს მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებათა პროცესს.