მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა

ტექნიკური უნი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ახალ ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავით გურგენიძესა და კრისტოფერ ანდერსონს შორის დიალოგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას შეეხო.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალი წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ფონდთან, ასევე, აიოვას, სანტა კლარას სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, ამერიკის კოლეჯთან და უნივერსიტეტთა ასოციაციასთან (AAC&U), უდიდეს ბირთვული კვლევების ცენტრ Fermilab-ის LBNF/DUNE ექსპერიმენტთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ბატონ კრისტოფერ ანდერსონთან შეხვედრისას განხილული საკითხები, სამომავლოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის პარტნიორებთან ურთიერთობას. ჩვენ ერთობლივად ვამზადებთ პროგრამებს, რომელიც დაეხმარება ქართველ სტუდენტებს, პროფესორებსა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებს სწავლის, სწავლებისა და კვლევების იმ თანამედროვე მეთოდებს გაეცნონ, რომელიც აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებშია აპრობირებული“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები და სხვადასხვა ფაკულტეტზე დანერგილი პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლების ინოვაციური მეთოდები გააცნო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმაცვიფრებელი და მნიშვნელოვანი უნივერსიტეტია. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოხიბლული ვარ ლაბორატორიებით და იმით, რომ ახერხებთ განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევების კომბინაციას. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაძლიეროთ განათლება. უნივერსიტეტის რექტორს შევხვდით იმ მიზნით, რომ გვესაუბრა თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე. რექტორთან საუბრისას, განვიხილეთ მხარდაჭერის არაერთი გზა. საელჩო აშშ-ში ყოველწლიურად აგზავნის, დაახლოებით, 200 ახალგაზრდას, რათა მათ ისწავლონ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ შექმნან ახალი პროექტები. რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შესანიშნავი უმაღლესი საინჟინრო სკოლაა, მაგრამ განახლება და გაუმჯობესება ყოველთვის საჭიროა. სტუდენტთა ახალი გაცვლითი პროგრამების შემუშავება კი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კრისტოფერ ანდერსონმა.

შეხვედრის დასასრულ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს უნივერსიტეტისადმი გამოჩენილი ინტერესისა და გულწრფელი კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა.