მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეხვედრა ერგნეთში, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში - 5 მარტის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოეწყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, ერგნეთში შეხვედრები გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე თარიღებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, გაგრძელდება კონსულტაციები უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. უნდა აღნიშნოს, რომ მათი მხრიდან ამ საკითხის გადაწყვეტის სანაცვლოდ არაფერი ყოფილა მოთხოვნილი.

განვიხილეთ ასევე ოკუპირებულ რეგიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება აგრეთვე ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია. რაც შეეხება ჩორჩანასთან გაჟღერებულ კითხვას, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი შედგა. ქართული მხარის პოზიცია უცვლელია, რომ იქ არსებული პოლიციის პოსტი არის კანონიერი და ემსახურება მშვიდობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უკანონო წვრთნებისა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების პრობლემას.

„უკანონო წვრთნების საკითხი რა თქმა უნდა დაისვა. ეს არის ქმედება, რომელიც მუდმივ საფრთხეში ამყოფებს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ დავაფიქსირეთ, პოზიცია, რომ ვართ შეურიგებლები ამ საკითხთან მიმართებაში.

მათ ციტირებას არ მოვახდენ, თუმცა პოზიცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არ იყო რაციონალური, რაც შეეხება თავისუფლად გადაადგილებას, ეს ყოველთვის იყო ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულების მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, ერგნეთში მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის 23 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება. ესენი არიან: ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთელური.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„გაგრძელდება მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად“ - ირაკლი ანთაძე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო

დღის პერსონა

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

აგრეთვე იხილეთ:

რატი იონათამიშვილი: ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები

ფრიდონ ინჯიამ შს მინისტრს მაგისტრალებზე დასაშვები სიჩქარის 130კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით მიმართა

ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა

ვახტანგ გომელაური: კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს - ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ასევე, უწყებათშორის თანამშრომლობას

ვახტანგ გომელაური: „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება

ვახტანგ გომელაური: განსაკუთრებულ დავალებათა და სტრატეგიული მილსადენების დაცვისა დეპარტამენტების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით

დღის ფრაზები

იაგო ხვიჩია:

„მეც მინდა მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე მისვლა“

ირაკლი ანთაძე:

„გაგრძელდება მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად“

ალეკო ელისაშვილი:

„ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას?“

დღის კარგი ამბავი

დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს.

დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს და ვიზიტორების მიღებას შეძლებს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დღეიდან დელფინარიუმში ფასდაკლების აქციაც ამოქმედდა, რომლითაც საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრები ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლეები, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ისარგებლებენ.

პირველი მარტიდან გაიხსნა ბათუმის აკვარიუმიც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.​

დღის ცუდი ამბავი

თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსი თებერვალში გაიზარდა და 116 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, 2020 წლის იანვრის ფასებს 2.4%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 26.5%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე ცნობით, FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი იანვართან შედარებით - 6.4%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, ინდოეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია.

2012 წლის აპრილის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. იანვართან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 6.2%-ითაა გაზრდილი. ფასი გაზრდილია მცენარეული ზეთის (პალმის, სოიო, მზესუმზირა და სხვა) ყველა სახეობაზე.

1.7%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზს, ჩინეთის მხრიდან კარაქზე გაზრდილი მოთხოვნა და ევროპაში, რძის დაბალი წარმოება წარმოადგენდა. კარაქისგან განსხვავებით, ფასები შემცირებულია ყველზე, აღნიშნულის მიზეზი შტატებში არსებული პროდუქტის უხვი მარაგებია.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, გაზრდილია 1.2%-ით. ჩინეთში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე - 17.4%-ით მოიმატა ფასმა სორგოზე. რაც შეეხება, სიმინდს, ხორბალსა და ბრინჯს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.

იანვართან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის შემცირებული მარაგებით, მაშინ როცა, ღორის ხორცზე ფასების შემცირება, სწორედ პროდუქტის უხვმა მარაგმა გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტისგან (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) შედგება.

დღის უცხოური ამბავი

ისტორიული ვიზიტი - რომის პაპი ერაყში ჩავიდა.

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერის ისტორიაში პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

20 წლის წინ ერაყში მაშინდელი პაპი იოანე პავლე მეორე გეგმავდა ჩასვლას, მაგრამ მაშინ ეს ვიზიტი ჩაიშალა. პაპს ბაღდადში ჩასვლის უფლება არ მისცეს.

ერაყში გამგზავრებამდე ფრანცისკემ განაცხადა, რომ ამჟამად არ შეიძლება იმ ადამიანების იმედების გაცრუება, რომლებიც მას ელოდებიან.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაპი ერაყში დაჯავშნილი ავტომობილით იმოძრავებს და მისი მონაწილეობით მხოლოდ ერთი საჯარო ღონისძიება ჩატარდება. კვირას ფეხბურთის მოედანზე ფრანცისკე მესას გამართავს.

დღის ფოტო

ქართული ყოჩივარდის გამოჩენა გაზაფხულის მოახლოების ერთ-ერთი პირველი ნიშანია.

📸ზაური ხაჩიძე (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი)

დღის ვიდეო

ამ შველს მძიმე ზამთარი ჰქონდა, მას ყინული და თოვლი სახეზე მიეყინა, რის გამოც, უჭირდა მოძრაობა და თავის აწევაც კი. საბედნიეროდ, რამდენიმე კეთილი ადამიანი მას დაეხმარა და თოვლისგან გაასუფთავა.