მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვების მოხსნა, ვახო სანაიაზე თავდასხმა - 25 თებერვლის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი



დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ასევე დღეიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება 24 თებერვლის მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კურორტებზე საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.

⏩ მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან განაახლებენ

⏩ შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს

დღის პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

დღის ფრაზები

იაგო ხვიჩია:

ვახო სანაიას გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა.

სალომე ზურაბიშვილი:

უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა დღეს ვინმე საქართველოს ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს.

კახა კალაძე:

„პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

დღის კარგი ამბავი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2-3 კვირის ვადაში ხელისუფლება თურქეთის საზღვრის ყოველდღიურად გადაკვეთის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.

„ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა, იცით, რომ სახმელეთო საზღვართან დაკავშირებული რეგულაციები კვლავ ძალაში რჩება. შეიცვალა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციები.

რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოში გადასვლის საკითხს, თქვენ იცით, რომ გრძელვადიანი მოწვევების შემთხვევაში შესაძლებელი არის რომ მოქალაქეები გადავიდნენ მეზობელ სახელმწიფოში სამუშაო მიზნებით, თუმცა გიდასტურებთ, რომ ორი-სამი კვირის ვადაში ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს, იგივე ყოველდღიურად გასვლის მსურველებს მივცეთ ამ მიზნების მიღწევის საშუალება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ცუდი ამბავი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3265 შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.3198 იყო, შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევროც, რომლის კურსი 4.0680 ლარია . კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 4.0355 იყო. ევროს კურსის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 3.25 თეთრი შეადგინა.

დღეს მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 თებერვლიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

„მოვუწოდებ ჩემს მომხრეებს, რომ ერევნის ცენტრალურ მოედანზე მოვიდნენ. ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაა“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

დღის ფოტო

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას სახელი შეეცვალა და შინდისის გმირები ქუჩა გახდა.

დღის ვიდეო

ვარკეთილის ხიდთან მანქანა გადმოვარდა და გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეჯახა.