მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, სარსარაკების გუნდი - 22 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო ზოგი ძალაში დარჩება.

PIA.GE გაგაცნობთ მთავრობის ყველა ახალ გადაწყვეტილებას.

შეზღუდვები, რომელიც პირველი თებერვლიდან მოიხსნება:
✔️ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

✔️ პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება.

✔️ პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლებში სწავლა აღდგება.

✔️ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.

✔️ პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

შეზღუდვები, რომელიც ძალაში რჩება:
❌ პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა (21:00 საათიდან 05:00 საათამდე) „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება.

❌ პირველ მარტამდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვა რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე.

❌ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე.

❌ ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა აკრძალული რჩება.

❌ პირველ მარტამდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციურად გაგრძელდება.

❌ პირველ მარტამდე მთელ ქვეყანაში დახურული რჩება საბავშვო ბაღები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

❌ შეზღუდული რჩება სათხილამურო კურორტების მუშაობა.

❌ 15 თებერვლამდე მთელ ქვეყანაში შეზღუდვა იმოქმედებს ღია და დახურული ტიპის ბაზრების მუშაობაზე.

❌ აჭარის გარდა ყველა რეგიონში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

დღის პერსონა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

👉„მზად ვართ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ - „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

👉 ოპოზიცია სასაცილოდ გამოიყურება

დღის ფრაზები

არჩილ თალაკვაძე:

„პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“.

მამუკა მდინარაძე:

„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა“.

დღის კარგი ამბავი

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც აქამდე ფრენებს ახორციელებდა, აგრეთვე ახალი კომპანიები, რეგულარული ფრენების დაგეგმვასა და შესრულებას შეძლებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ფრენების დაშვება, რეგულაციების დაცვით არ იქნება დამატებითი საფრთხის მომტანი. აგრეთვე ვფიქრობთ, რომ შევამსუბუქოთ შეზღუდვები ვიზიტორების შემოსვლაზე. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, თუ რა სიახლეები გვექნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, გაზაფხულის სეზონზე ქვეყანა შეძლებს, რომ დიდი რაოდენობით ტურისტებს უმასპინძლოს.

დღის ცუდი ამბავი

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ლი მარტიდან აღდგება, ხოლო დანარჩენ ქალაქებში 1 თებერვლიდან იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

👉 პირველ მარტამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

👉 ეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა

დღის უცხოური ამბავი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო უწყებას რუსი ოპოზიციონერის. ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა დაავალა. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას themoscowtimes.com ავრცელებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა სადაზვერვო უწყებებს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების სრული ანალიზის ჩატარება დაავალა“ - განაცხადა ფსაკიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ დეკემბერში აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირი შეისწავლონ.

როგორც გაზეთი Washington Post იუწყებოდა, მოსკოვთან მიმართებაში ბაიდენის პოზიცია საკმაოდ ხისტი იქნება. ის ურთიერთობების „გადატვირთვას“ არ გეგმავს.

👉 ჯო ბაიდენი: ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა.

დღის ფოტო

სარსარაკების გუნდი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ის მშრალი, გაშლილი ველების მოყვარული მიგრირებადი ფრინველია.

საქართველოს გამოსაზამთრებლად სტუმრობს და ამ პერიოდში მათი რამდენიმე ათასიანი გუნდების ნახვაა შესაძლებელი.