მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადმოეცა

მაღალი გამავლობის ავტომანქანები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადმოეცა.

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის "წითელი ხიდის" სამმართველოს ბაზაზე გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში - კარლ ჰარცელს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

3.3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები საზღვარზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ასევე, ხელს შეუწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას.

ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული დაკვირვების სისტემის მუშაობის შესახებ.

დელეგაციის წევრები, ასევე ეწვივნენ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და ადგილზე გაეცნენ მგზავრთა ნაკადის მართვისა და შემოწმების პროცედურებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო საშუალებების განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ - ფარგლებში განახორციელა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთოჯამში, სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 40 ავტომანქანა და საკომუნიკაციო საშუალებები გადმოეცა. ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის, სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ელექტრონული დაკვირვების სისტემების მოწყობას და სანაპირო დაცვისათვის სწრაფი რეაგირების 4 საპატრულო კატარღის გადმოცემას.