მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინის დეფიციტი აღარ იქნება, თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, ქართველები ოლიმპიური თამაშების გახსნაზე - 23 ივლისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

„მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი“, - ჟურნალისტები თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ.

„ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“, - აცხადებენ მთავარი არხის წარმომადგენლები.

„განუწყვეტელი შეტევის ქვეშ ვართ“ - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მთავარ საგამოძიებო ორგანოსთან განაცხადა.

„ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება, ღიად, პირდაპირ და აბსოლუტურად ცინიკურად.

ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე“, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს.

დღის პერსონა

„ვაქცინის დეფიციტი აღარ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლობა“ - ამირან გამყრელიძე

ემატება ბრიგადებიც და ემატება გამტარუნარიანობაც. 21-ე დღეს დაგვჭირდება ბრიგადების გაორმაგება. გვექნება დამატებითი ვაქცინებიც. დაგვჭირდება დაახლოებით 250 ბრიგადამდე, ხოლო საბოლოოდ 400-დან 500 ბრიგადამდე ამცრელი გუნდით უნდა ვიმუშაოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ.

ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლობა როგორი იქნება, მილიონ ნახევარი 2 ვაქცინა დევს, დაახლოებით 50 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის, ნახევარი მილიონი შემოვა ახლა ამაღამ „ფაიზერიც“ და დაახლოებით მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო. პირველად მოგვეწოდა 28 ათასი, ახლა ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში კიდევ უნდა იყოს დაახლოებით 100 ათასზე მეტი და თანდათანობით ოქტომბრამდე მილიონი დოზაც უნდა მიეწოდოს ქვეყანას, ამიტომ ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლობა როგორი იქნება და ჩვენ როგორ დავარწმუნებთ, და დაგარწმუნებთ. ყველამ უნდა მოვუწოდოთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს“ - ამირან გამყრელიძე

✔️„ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს“ - ეკატერინე ტიკარაძე

✔️„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

დღის ფრაზები

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს:

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც ვისწავლე და სიამოვნებით“

ნიკა გვარამია:

„განუწყვეტელი შეტევის ქვეშ ვართ“

პაატა იმნაძე:

„აქ რომ მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“, ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?“

ეკატერინე ტიკარაძე:

„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“

ზაზა წერეთელი:

„ახალი კვლევის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინა უზრუნველყოფს არც თუ ისე კარგ დაცვას კორონავირუსისგან ხანდაზმულთათვის“

რომან გოცირიძე:

„ჩვენს კანდიდატს კალაძე მხოლოდ ფეხბურთში აჯობებს“

თენგიზ ცერცვაძე:

„უახლოეს დღეებში „ლოკდაუნს“ და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას გამოვრიცხავ“

დღის კარგი ამბავი

„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

„მოგმართავთ თხოვნით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ აცრაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება.

„დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398 081-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370 565 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅NCDC: ვაქცინაციის შემდეგ 101 შემთხვევაში სერიოზული გართულება დაფიქსირდა

✅ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

დღის ცუდი ამბავი

თბილისში კაცი კორპუსიდან გადახტა

თბილისში, საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი გადახტა, - ამის შესახებ ინფორმაცია pia.ge-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, კაცი მანქანას დაეცა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო ბრიგადების ჯგუფი.

დღის უცხოური ამბავი

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ნავი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, თურქეთის სამხრეთ სანაპიროსთან ჩაიძირა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ნავზე 45 მიგრანტი იმყოფებოდა. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად თურქეთის სანაპირო დაცვა და საზღვაო ძალები სამაშველო ოპერაციას ატარებენ. სამაშველო ოპერაციას შტორმი ართულებს.

ყოველწლიურად ხმელთაშუა ზღვით ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით მიგრანტი ევროპაში ჩასვლას ცდილობს. მათი დიდი ნაწილი ზღვაში იღუპება.

დღის ფოტო

ქართველები ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

დღის ვიდეო

„თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები“ - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს