მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინის მიღება, ცოცხალი ჯაჭვი - 13 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„200 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა გააჩნია ქვეყანას ამ წუთში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს, სადაც გარკვეული თანხა უკვე გადახდილია.

როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მიმდინარეობს სხვა მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებები და შესაძლოა სხვა ვაქცინა საქართველომ პირდაპირ რომელიმე კომპანიისგან მიიღოს.

მისი თქმით, საქართველომ ვაქცინის შეძენისთვის თადარიგი გასული წლის აგვისტოდან დაიჭირა.

„კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი

თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ

დღის ფრაზები

ზვიად ძიძიგური:

ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან ეს არის ფაქტიურად წინაპირობა იმისი, რომ ამ პარტიაში დაიწყება ძალაუფლების გადანაწილება, ვინ დაიწყებს როგორ დაიწყებს, რომელი გვარი იქნება მოსურნე იმისი, რომ უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელში ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პროცესებს დავაკვირდეთ და ყველანი დავინახავთ.

ვახტანგ მეგრელიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი არის ასეთი ექსცენტრული ადამიანი როგორიც ის არის, მე ვუშვებ შანსს, რომ მან პერსონალურად გადაწყვეტილება ასეთი მიიღო და პროცესები განვითარდება ისე რომ არავის არ გვაქვს წარმოდგენილი.

დღის პერსონა

„ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია „კოვაქს“ პლატფორმიდან, რომ მზად არიან მოგვაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის. ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, თუმცა შესაძლოა, დაემატოს კიდევ სხვა ვაქცინები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინაზეც ექნება ხელმისაწვდომობა.

როგორც მან განმარტა, აქტიურად მიმდინარეობს უკვე ვაქცინის შემოტანისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობაც.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება.

დღის კარგი ამბავი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება და არც იმის საჭიროება დგას ამ ეტაპზე, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება გახდეს საჭირო.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე სრული სტაბილიზაციაა.

„სტატისტიკის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სრული სტაბილიზაცია. დღეს ქვეყანაში არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა. დღეისათვის ჰოსპიტალებში ჩვენ გვყავს 3873 ადამიანი, 807 არის ჟანგბადდამოკიდებული, საიდანაც 245 პირი არის აპარატზე.

თავისუფალი გვაქვს 2972 ადგილი. დღის განმავლობაში ხდება 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ ჰოსპიტალური სექტორი სრულად მობილიზებულია. დამატებითი საწოლების მობილიზება საჭირო არ არის“, - აცხადებს მინისტრი.

დღის ცუდი ამბავი

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა.


პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2846 პირი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 243255 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 227 611 ადამიანი.

დღის უცხოური ამბავი

ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ შემდეგ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი YouTube-მაც დაბლოკა. მას სულ მცირე 7 დღის განმავლობაში საკუთარ არხზე ვიდეოების ატვირთვის საშუალება აღარ ექნება. ამის შესახებ nbcnews.com იუწყება.

YouTube-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "კომპანიის პოლიტიკის დარღვევის და ახალი ძალადობის ალბათობის გამოა" მიღებული. ბოლო კონტენტი სამშაბათს გამოქვეყნდა, რომელიც YouTube-მა წაშალა. ასევე წაიშალა კომენტარებიც, რომლებიც ვიდეოებს თან ერთვის.

სოციალურმა ქსელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იქ მიმდინარე სხდომას ხელი შეუშალეს. პოლიციასთან დაპირისპირების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესის წევრებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს დააკისრეს. ტრამპი ამ ბრალდებებს უარყოფს.

დღის ფოტო

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფია მობილიზებული.

რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პოლიციამ გზა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტა.

ფოტოს ადგილიდან „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

დღის ვიდეო