მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინის შემოტანის დრო, კლდის ჩამონგრევა - 12 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო COVID 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო.

ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

⏩ „იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“ - თამარ გაბუნია

⏩ ლადო კახაძე: მზად ვარ ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო

დღის ფრაზები

იაგო ხვიჩია:

ბიძინა ივანიშვილი, რომ მართლა წავიდეს, „ქართული ოცნების“ შიგნით კატასტროფა მოხდება. მას რომ წასვლა სდომებოდა, ერთპიროვნულად „ქოცები“ კი არ უნდა დაეტოვებინა ხელისუფლებაში, არამედ ნელ-ნელა უნდა დაწყებულიყო კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა.

თაკო ჩარკვიანი:

ოპოზიციაში ყოფნა 21-ე საუკუნეში ღირებულებები უნდა გქონდეს და მე ვერ ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში რაიმე ღირებულებები ჰქონდეთ გარდა ფულისა, მხოლოდ ფულის სიყვარულით ღირებულებები თუ არ გაქვს ვერასოდეს, 21-ე საუკუნის ოპოზიციაში ვერ იქნები.

ეკატერინე ტიკარაძე:

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაამკვიდრა ქვეყანაში ახალი სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი ქვეყნისთვის.

დღის პერსონა

საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ლადო კახაძემ განაცხადა, რომ მზად არის პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.

„მზად ვარ, ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო, – განაცხადა ლადო კახაძემ.

„როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელი და ასევე ასაკის გათვალისწინებით, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად.“

ლადო კახაძემ ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს მიმართა, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აცრა საჯაროდ გაიკეთონ.

დღის კარგი ამბავი

„იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მის თქმით, საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიურად უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა შემოვიდეს, რომელიც რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება ორიდან რვა გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი 70-მდე.

როგორც მან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ვაქცინის შემოტანას და შემდგომ პროცესებს პერსონალის ტრენინგი სჭირდება. გაბუნია ამბობს, რომ ტექნოლოგიურად უფრო მარტივია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა.

დღის ცუდი ამბავი

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 227 208 გამოჯანმრთელებულია.

დღის უცხოური ამბავი

ჩრდილოეთ ოსეთში აღმოაჩინეს ფრინველის გრიპის პათოგენი, რომელიც ადამიანისთვის საშიშია. სწორედ მან გამოიწვია გედების დაღუპვა მოზდოკის მხარეში.

გასული წლის დეკემბერში, ოსეთის მაცხოვრებლებმა ადგილობრივ ტბაზე რამდენიმე მკვდარი ფრინველი იპოვნეს. ჩათვალეს, რომ ტრაგედია ამინდის პირობების გამო მოხდა და ფრინველებმა საკუთარი თავის გამოკვება ვერ შეძლეს.

ამის მიუხედავად, გამოკვლევამ დაადგინა, რომ „პათოლოგიურმა მასალამ გამოავლინა A გრიპის ვირუსის H5 ქვეტიპის რნმ”. ამავდროულად, სისხლის შრატში აღმოჩნდა "ანტისხეულები ფრინველის გრიპის ვირუსის სეროლოგიური ვარიანტის H5“ - ზე.

აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპი საშიშია ადამიანისთვის.

დღის ფოტო

ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის. წვიმის გამო ტაძრის ქვის ფასადიც ზიანდება და წყალი ინტერიერშიც აღწევს.

ფოტოს ადგილიდან „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

დღის ვიდეო

რუსეთში სატვირთო მანქანა ავტოკოლონას დაეჯახა.