მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვეძისელი ცნობისმოყვარე ცუგა, სასულიერო პირების დაპირისპირება - 21 აპრილის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ჯარისკაცს მუხლზე დაჩოქილ მდგომარეობაში, საპირფარეშო ოთახი ახეხინეს - დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ ე.წ. „იაღლუჯას“ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილის და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.

ასევე, 2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით ათი თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 03 ივლისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები.

კერძოდ, 2020 წლის 28 იანვარს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.

დღის პერსონა

ვახო მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილი განათლების კომიტეტშია.

მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია პირებთან, ვისთან თანამშრომლობაც მოუწევს.

„ჩემს ადგილს ვხედავ განათლების კომიტეტში. ველაპარაკები უკვე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და არავის ამაზე ჯერ არ უმსჯელია“, – აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „გირჩის“ სამმა დეპუტატმა - ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„აქ იქნება „გირჩის“ სამეფო“ - ვახო მეგრელიშვილი პარლამენტზე

დღის ფრაზები

ვახო მეგრელიშვილი:

ჩემს ადგილს განათლების კომიტეტში ვხედავ“

ზურაბ ჯაფარიძე:

„ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ“

გია ხუხაშვილი:

ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ“

იაგო ხვიჩია:

მელიამ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა უნდა გაითვალისწინოს, დიდი პატივია, როცა ევროკავშირი შენი გირაოს ფულს იხდის“

ამირან გამყრელიძე:

„ჩვენი ანგარიშით, საქართველოში 650 ათას ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს“

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 299038 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 282869 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 4,33%, ბოლო 14 დღის - 3,38%, ბოლო 7 დღის - 4,16%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

დღის კარგი ამბავი

უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება

უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივი კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება. ინფორმაციას თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის თქმით, საბაგირო ხაზის პირველი მგზავრები თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი, თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე და სტუდენტები იყვნენ.

„ძალიან კარგია, რომ საბაგირო ხაზი აღდგა. მას შემდეგ, რაც სწავლა სრული მასშტაბით განახლდება, გაიზრდება საბაგიროთი მგზავრობაზე მოთხოვნაც.

თსუ სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ ამ სერვისით. ამასთან, საბაგირო ხაზი თსუს მწვანე კონცეფციის განვითარების ნაწილსაც წარმოადგენს.

ტრანსპორტის ეს სახეობა ეკოლოგიურად სუფთაა და ამდენად, ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე.

დიდი მადლობა ქალაქის მერიას, ტრანსპორტის სააგენტოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ინიციატივის აღსრულებაში წვლილი შეიტანა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის თქმით, თსუსთან თანამშრომლობით გახსნილი საბაგირო გაზი თბილისის მერიის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

„ბაგები მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაში “ - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

დღის უცხოური ამბავი

პუტინი დასავლეთს აფრთხილებს: წითელი ხაზები არ გადაკვეთოთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს და „წითელი ხაზების“ გადაკვეთას არ ურჩევს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„იმედი მაქვს, რომ არავის მოუვა თავში, რომ რუსეთთან მიმართებით ე.წ. წითელი ხაზი გადაკვეთოს. სად გაივლის ეს წითელი ხაზი, ამას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადავწყვეტთ“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები სურს, მათ შორის იმასთანაც, ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობების დალაგება ვერ ხერხდება. „არ გვსურს ხიდების დაწვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებს ხშირად არა მარტო მათი დაწვა, აფეთქებაც სურთ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თუ რომელიმე უცხოური ქვეყანა მოსკოვის კეთილ სურვილებს სისუსტედ შეაფასებს, რუსეთის პასუხი „ასიმეტრიული, სწრაფი და საკმაოდ ხისტი იქნება“.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალურად მიაჩნია - გამოკითხვა

დღის ფოტო

ვეძისელი ცუგა 📸 ქეთი არაბული

დღის ვიდეო

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება დღესაც დაძაბული იყო 👇