მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ დგას საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და ფრანგულ საწარმოებზე განხორციელებული კიბერ შეტევების უკან

რუსების მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმა

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და  ფრანგულ საწარმოებზე კიბერ შეტევები განხორციელდა. როგორც ირკვევა, ჰაკერების მიერ გამოყენებული მეთოდები ჯგუფ Sandworm-ის ხელწერას ჰგავს. ამის შესახებ საფრანგეთის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სააგენტო (ANSSI) იუწყება. აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია, ეს კონკრეტული ჰაკერული ჯგუფი  რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან კავშირში არის მხილებული…

(ANSSI)-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმების სერიის პირველი კვალი 2017 წელს გამოჩნდა, პროცესი 2020 წლამდე გაგრძელდა. დამნაშავეები ეძებდნენ „ხვრელებს“ პროგრამულ უზრუნველყოფა Centreon-ში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მონიტორინგისთვის. ამ პროგრამულ უზრუნველყოფას ასევე იყენებენ ავიაკონცერნი Airbus, ავიაკომპანია Air France და ტელესაკომონიკაციო სერვისების პროვაიდერი Orange.

როგორც უწყების ანგარიშშია ნათქვამი, ჰაკერებისგან, პირველი ყოვლისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროვაიდერები დაზარალდნენ. თუ რამდენად მავნებლურ საქმიანობას ეწევა ეს ჯგუფი, ისიც ცხადყოფს, რომ მსგავსი თავდასხმების დროს, მაგალითად, 2015 წელს ფრანგული ტელეკომპანია TV5Monde, ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე აღმოჩნდა. ამ კომპანიის ყველა სატელევიზიო არხზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, რა დროსაც ჰაკერებმა ეს არხები უბრალოდ ეთერიდან ერთდროულად გათიშეს. სპეციალისტების აზრით, ამ ქმედების ავტორები რუსი ჰაკერები იყვნენ. ამას გარდა, მაგალითად, გამოცემა LeMonde წერდა, რომ აქვს იმის მტკიცებულება, რომ 2017 წელს ემანუილ მაკრონის საარჩევნო შტაბის ფოსტაც სწორედ რუსმა ჰაკერებმა გატეხეს.

მასშტაბური კიბერ თავდასხმა, რომელშიც აგრეთვე რუსები არიან გარეულები, გერმანიაშიც მოხდა. 2015 წელს კანცლერის – მერკელის, მთავრობისა და ბუნდესტაგის საიტებზე იერიში მიიტანეს. გერმანიის სახელმწიფო უწყებების ინტერნეტ გვერდები რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული. პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსულმა კიბერ დაჯგუფებამ აიღო. როგორც მოგვიანებით ამ ჯგუფის განცხადებაში იყო ნათქვამია, მათ გერმანია იმ მხარდაჭერის გამო „დასაჯეს“, რომელიც ამ ქვეყანამ უკრაინას, ყირიმის მოვლენების დროს აღმოუჩინა.

ჰაკერული ჯგუფის Sandworm-ის თავდასხმების მსხვერპლი გერმანული მედიაკომპანიებიც გახდნენ. ამის შესახებ 2018 წელს გამოცემა Der Spiegel-ი საუბრობდა. პარალელურად, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება აცხადებდა, რომ ჰაკერებმა გერმანული მედიაკომპანიები და ის ორგანიზაციები „დაჰაკეს“, რომლებიც ქიმიური იარაღის კვლევის სფეროში მუშაობდნენ. ამ თავდასხმების კვალი რუსული ჯგუფის Sandworm-ისკენ მიდიოდა.

არსებული ინფორმაციით, ეს ჯგუფი დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა მინიმუმ 2015 წლიდან, რა დროსაც კიბერ თავდასხმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელდა. მათ მაშინ უკრაინის სამი ენერგო კომპანიის მართვის სისტემა გატეხეს და დისტანციურად გამორთეს ენერგოკვების მიწოდება. ივანო-ფრანკოვსკსა და კიდევ ორ მსხვილ ქალაქში ადამიანები თითქმის მთელი დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. ერთი წლის შემდეგ ეს თავდასხმა გამეორდა, ოღონდ ამჯერად ელექტროენერგიის გარეშე კიევისა და კიევის ოლქის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. პარალელურად, კიბერ დამნაშავეები კომპანიების სატელეფონო ხაზებს ბლოკავდნენ, რათა მომხდარის იდენტიფიცირება და გამოსწორება გართულებულიყო.

მსოფლიოს კარგად ახსოვს 2017 წელს გააქტიურებული მავნებელი ვირუსი Petya. ეს ვირუსი-გამომძალველი მსხვილი კომპანიების კომპიუტერებს ბლოკავდა, მათ პროგრამულ უზრუნველყოფას ანადგურებდა და აღდგენისთვის ბიტკოინებს ითხოვდა. კიბერ შეტევა უკრაინიდან დაიწყო: დაზარალდნენ ბანკები, აეროპორტები, კომპანიები, სამთავრობო საიტები და სხვა. ამის შემდეგ კი ვირუსმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყო „მოგზაურობა“. მრავალმხრივი კვლევებით დადგინდა, რომ ის სწორედ რუსული ჰაკერული დაჯგუფება Sandworm-ის მიერ იყო შექმნილი.

რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული დანაშაულებრივი ჯგუფების სამიზნე საქართველოც არაერთხელ გამხდარა. ამ დაჯგუფებებს კრემლი ხომ ყველა იმ ქვეყნის მიმართ ააქტიურებს, რომელიც მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს იღებს და მის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღად ასეთ თავდასხმებს დიდი ხანია, იყენებს, რადგან ხშირად ცდილობს, გაანადგუროს გინდ მოწინააღმდეგე, გინდ – პარტნიორი. და სწორედ კრემლის კვალი გამოიკვეთა 2019 წელს საქართველოს ვებსივრცეზე მომხდარ თავდასხმაშიც.

Serv.ge-ის სერვერებზე თავდასხმის შედეგად, საქართველოში სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციის 15 000-მდე საიტი გაითიშა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოებისა და მედიასაშუალებების საიტები. რამდენიმე ტელევიზიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ამ ფაქტზე დასავლელ პარტნიორებთან ერთობლივი გამოძიების შედეგები 2020 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა. გამოძიების დასკვნის მიხედვით, საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმა რუსეთის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განახორციელა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეტევის მიზანი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლა იყო.

იმაზე, რომ კრემლის მიერ შექმნილი ეს დაჯგუფებები აბსოლუტური ბოროტების მსახურები არიან, ისიც მეტყველებს, რომ ახლახან მათ ევროპის ლაბორატორიებიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, რუსული დაზვერვის უგუნური ქმედებები პანდემიასთან ბრძოლის საქმეში მთელი მსოფლიოს თანამშრომლობას უბრალოდ ძირს უთხრის.

იოსებ ნადიბაიძე