მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძე თავისუფალია, ნავთობი გაიაფდა, ქურციკები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან - 14 ივლისის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შესაბამის დოკუმენტს ბიბილოვმა ხელი უკვე მოაწერა.

„გათავისუფლდეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის პერსონა

„შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი, გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი“ - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა.

მისი თქმით, ბავშვებში ინფექციის გავრცელებამ საგრძნობლად მოიმატა.

„მნიშვნელოვანია რეგულაციების სწორად შესრულება. რეგულაციების სწორად დაცვა განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ისევ, ჩვენ შემოდგომაზე არჩევანის წინაშე, ჩავკეტოთ თუ არა ქვეყანა და გვექნება თუ არა ისევ განმეორებითი ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი არ გვაქვს, თუმცა, ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომელიც დღითი დღე არის მზარდი, რაც განაპირობებს ამ გადაწყვეტილებების მიღებას.

ბოლო 1 კვირის მანძილზე გვქონდა ორჯერადი ნახტომი, ინფექცია არის საკმაოდ გაზრდილი და შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 769 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 381 336-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 492 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 361 327 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,68%, ბოლო 14 დღის - 4,1%, ბოლო 7 დღის - 4,46%.

იხილეთ აგრეთვე:

✅7 დაწესებულება, სადაც მოქალაქეები „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ

✅„რეგულაციების გამკაცრება იგეგმება“ - ამირან გამყრელიძე

✅რატომ მუშაობს შეფერხებით ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი ? - ტიკარაძის განმარტება

დღის ფრაზები

ეკატერინე ტიკარაძე:

„ჩვენი მოქალაქეები მინდა დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა, ეს არ არის საბოლოო რაოდენობა“

მამა შალვა კეკელია 5 ივლისის აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ:

„როცა დავინახე, როგორ მოექცნენ ჟურნალისტს, მივმართე ხალხს, რომ ესენი ჩვენი შვილები არიან და არავინ გაბედოთ, რომ ამ ადამიანებს შეეხოთ“

ვიოლა ფონ კრამონი:

„საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი“

ბიძინა კულუმბეგოვი:

„აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს“

ივანე ჩხაიძე:

„ქვეყანაში მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო. ბოლო კვირებში შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა“

დღის კარგი ამბავი

„ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოშია

ამერიკულ-გერმანული წარმოების ფაიზერის ვაქცინა უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ფაიზერის“ ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ფაიზერით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 14 ათასი ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემოსულია ფაიზერის 28 000 დოზა.

„ამ ეტაპზე შემოსულია „ფაიზერის“ 28 000 დოზა, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ. ჯავშნები 18 წლის ზემოთ იქნება, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ ასაკი დაიწევს „ფაიზერზე“ და „ფაიზერით“ ვაქცინაცია მეორე ეტაპზე დაიშვება 16 წლის ზემოთ პირებისთვის. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და მეორე პარტია რომ შემოვა, ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 14 ივლისს, 15:00 საათიდან იყო შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება, თუმცა მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ვაქცინაზე დარეგისტრირება და სარეგისტრაციო ნომრის მიღება ვერ მოახერხეს - ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

✅საქართველოში ფაიზერის ვაქცინა 14 000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი - გამყრელიძე

✅რატომ მუშაობს შეფერხებით ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი ? - ტიკარაძის განმარტება

დღის ცუდი ამბავი

ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ სოფელში მცხოვრები ბიზნესმენის - ელგუჯა გურიელის სახლში ხანძარი, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა. ვარაუდობენ რომ, მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დამწვარია 3 სართულიან სახლში რამდენიმე ოთახი. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.

დღის უცხოური ამბავი

ნავთობი გაიაფდა

ნავთობი 14 ივლისს გაიაფდა, რისი მიზეზიც ჩინეთში ნავთობის იმპორტის შემცირების შესახებ მონაცემები სახელდება. იმპორტი 2021 წლის პირველ ნახევარში 3%-ით შემცირდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა 76,44 დოლარი შეადგინა. ის 0,7%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება ტეხასურ (WTI)-ის ნავთობს, მისი ერთი ბარელის ფასმა 75,18 დოლარი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობის მოხმარება მომავალ წელს 3,1%-ით გაიზრდება და დღეში 99,5 მლნ ბარელს მიაღწევს. ეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას და ვაქცინაციის კამპანიის გაფართოებას უკავშირდება, რასაც პანდემიის დასასრული უნდა მოჰყვეს.

დღის ფოტო

ქურციკები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება და გვიხარია, რომ ამ საოცარი სახეობის აღდგენის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ფოტოს ავტორია: Vajiko Kochiashvili

დღის ვიდეო

სამხრეთ აფრიკაში ძალადობა გრძელდება (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკაში ხელისუფლების ყველა მოწოდების მიუხედავად, საპროტესტო აქციები და ძალადობა გრძელდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამ დღეებში მომხდარი არეულობის და დაპირისპირების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. განრისხებულმა ადამიანებმა 14 ივნისს ოფისები და მაღაზიები გაძარცვეს.

საპროტესტო აქციების ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას მოჰყვა. პოლიციამ ზუმა იმის გამო დააკავა, რომ კორუფციის საქმეზე სასამართლოში არ გამოცხადდა.

ეს ყველაზე მასშტაბური ძალადობაა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დასრულების შემდეგ, რაც 27 წლის წინ მოხდა. ძალადობის შესაჩერებლად შეიარაღებული ძალები იყო მობილიზებული. კოვიდ საავადმყოფოების პერსონალმა განაცხადა, რომ იქ ჟანგბადი და მედიკამენტები მთავრდება, რადგანაც პროტესტები საავადმყოფოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობამ ხელში იარაღი აიღო და წესრიგის დამყარებას საკუთარი ძალებით ცდილობს. არეულობაში მონაწილე 1200 ადამიანი დაკავებულია. თავდასხმების შედეგად 40 000-ზე მეტი საწარმო და კომპანია დაზარალდა, რომელთა ნაწილი აღდგენას ვერა შეძლებს.