მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

რუსეთ აზერბაიჯან - სომხეთის ლიდერების შეხვედრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მოსკოვში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მოლაპარაკება 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მთავრობის მეთაურთა მოადგილეების დონეზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

„საერთო ჯამში 10 ნოემბრის შეთანხმება სრულდება, არ დაფიქსირებულა სერიოზული ინციდენტები, რუსეთის სამშვიდობო ძალები ასრულებენ მოვალეობას ორივე მხარის წინაშე. მთიან ყარაბაღში 48 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია. მოვაწერეთ სიტუაციის შემდგომი განვითარების შეთანხმებას. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. იქნება კონკრეტული გეგმების შემუშავება. ეს ყველაფერი შეესაბამება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ინტერესებს და მთლიანად რეგიონის ინტერესებს“ - განაცხადა პუტინმა.

„გავიდა ორი თვე ცეცხლის შეწყვეტიდან. ეს შეხვედრა მიუთითებს, რომ კონკრეტულ შედეგებზე ვართ ორიენტირებულები. უნდა დავასრულოთ და ხაზი გადავუსვათ ის მოქმედებებს, რაც იყო სექტემბერში. უნდა მოხდეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა. ეს შედის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესებში და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი შესაძლებლობა იქნება. იმედი მაქვს, რომ ამაში მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან, უნდა განვახორციელოთ ისეთი ქმედებები, რასაც სწრაფი ეფექტი ექნება. საერთო ჯამში 10 ნოემბრის შეთანხმება სრულდება, პატარა გამონაკლისის გარდა. რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში ეფექტურად მუშაობენ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„დიდი მადლობა იმ ქმედებისთვის, რასაც რუსეთი ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი დღემდე მოგვარებული არ არის. ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები, მაგრამ რჩება ბევრი გადაუჭრელი საკითხი, ერთ-ერთი უმთავრესია მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი. სომხეთი მზად არის გააგრძელოს ამ მხრივ მუშაობა, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. სამწუხაროდ დღეს ვერ შევთანხმდით სამხედრო ტყვეების საკითხზე, თუმცა ამაზე მუშაობა გაგრძელდება, ეს ჰუმანიტარული საკითხია. მიგვაჩნია, რომ 10 ნოემბრის შეთახმების მე-8 პუნქტი სრულყოფილად არ სრულდება და მე უახლოეს მომავალში მისი გადაჭრის იმედი მაქვს. დღევანდელი განცხადება ძალზე მნიშვნელოვანია. ამ საკითხების გადაჭრას შეუძლია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური სახე მთლიანად შეცვალოს. ეს იქნება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ერთ შეხვედრაზე სამწუხაროდ ყველა საკითხს ვერ მოვაგვარებთ“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. მას შემდეგ რეგიონში რამდენიმე ლოკალური შეტაკების გარდა მასშტაბური ბრძოლა არ მომხდარა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ალიევი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ

🔅 ფაშინიანი: სამწუხაროდ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა