მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

რეაქცია ნავალნის დაკავებაზე

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ნავალნი 17 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ის გერმანიაში 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც რუსეთში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა წინაპირობის გარეშე. „რუსეთის ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას ცდილობს. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტების აზრის არ ეშინიათ, არ სჩადიან ძალადობას ან უკანონობას და პოლიტიკურ ოპონენტებს არ აკავებენ" - განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ეს რუსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. „კრემლის თავდასხმა ბატონ ნავალნიზე არის გამოწვევა მთელი რუსეთის მოსახლეობისთვის, ეს არის არის მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა“ - განაცხადა სალივანმა.

ნავალნის გათავისუფლება ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა. ლონდონი აცხადებს, რომ ძალზე შეშფოთებულია ნავალნის დაკავებით. „იმის ნაცვლად, რომ ნავალნის მოწამვლას იძიებდნენ, მას აკავებენ. რუსეთმა უნდა გამოიძიოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი“ - წერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

ნავალნის დაკავების საკითხს 18 იანვარს ევროპარლამენტი განიხილავს, ხოლო 25 იანვარს - ევროპის საბჭო.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს საღამოს დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. ნავალნის ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ალექსეი ნავალნი დააკავეს

🔴 ნავალნის მეუღლე: მათ იმდენად ეშინიათ ალექსეის, რომ მოსკოვში ყველა ფრენას პარალიზება გაუკეთეს