აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
„ჩვენ ვიცით რუსეთის განცხადებები, რომ ის უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს. სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით. მჭიდრო კოორდინაციას განვაგრძობთ უკრაინელ კოლეგებთან და სხვა პარტნიორებთნ“ - განაცხადა პრაისმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ მან „უკრაინაში აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს და მის საზღვართან, ასევე ყირიმში ძალთა კონცენტრაციაზე უარი თქვას, ასევე შეწყდეს შავი ზღვის აკვატორიაში სხვადასხვა გემის ბლოკირება რუსული ფლოტის მიერ“.
„აშშ კვლავ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის ტერიტორიულ წყლებს“ - განაცხადა ნედ პრაისმა.
რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების დისლოკაციის დაბრუნების თაობაზე კომენტარი გააკეთა, ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიმიტრი კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჯარის გაყვანის მიუხედავად, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი კვლავ შენარჩუნდება.
ცნობისთვის, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარმა წვრთნების დროს დასახულ მიზანს მიაღწია და ის 1-ელ მაისამდე მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.