მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში საპროტესტო აქციაზე საიდუმლო სამსახურის 50-მდე თანამშრომელი დაშავდა

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საიდუმლო სამსახურის 50-მდე თანამშრომელი დაშავდა.

აშშ-ში, თეთრი სახლის შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საიდუმლო სამსახურის 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Fox News ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს ბოთლები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ფედერალური სამსახურისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლები ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად გავიდნენ.

მანამდე კი CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციის დროს თეთრი სახლის მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, სადაც ის, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ კვლავ რეზიდენციაში დაბრუნდა.

New York Times-ის ცნობით, ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში იმ დროს გადაიყვანეს, როდესაც აქციის მონაწილეებმა თეთრ სახლთან აგურების სროლა და რკინის ბარიერების გადაწევა დაიწყეს.

გარდა ამისა, მომიტინგეებმა ლაფაიეტის რაიონის ერთ-ერთ პარკს ცეცხლი წაუკიდეს. დაწვეს იქვე მდებარე წმინდა იოანეს საეპისკოპოსო ეკლესიის სარდაფი. ჩაამსხვრიეს ეკლესიის ფანჯრები და კედლებზე დაწერეს - „ეშმაკი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იმყოფება“. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხა.

ვაშინგტონში მასშტაბური აქციები უკვე ერთ კვირაა მიმდინარეობს. მომიტინგეები აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელსაც 25 მაისს, მინეაპოლისში დაკავებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა კისრის არეში მუხლი მიაჭირა. შედეგად ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა, ხოლო ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

ვაშინგტონში მასშტაბური აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეორგოლი გავრცელდა. 46 წლის ფლოიდს, რომელიც შეუიარაღებელი იყო და მიწაზე იწვა, პოლიციელი კისრის არეში მუხლს 8 წუთის განმავლობაში აჭერდა. შედეგად ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციები გასულ კვირას მინეაპოლისში დაიწყო და მალევე მთელს ქვეყანას მოედო. აქტივისტებმა ვაშინგტონში, თეთრი სახლს ალყა შემოარტყეს.