ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ოთხი დაღუპული სამოქალაქო პირია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისთვის, ავღანეთში პოლიტიკური სიტუაციის მოგვარების საკითხზე ამჟამად ქვეყნის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამასთანავე ქვეყანაში ძალადობა გრძელდება, რასაც ყოველწლიურად ათასობით მშვიდობიანი ადამიანი ეწირება.