მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა

სამხედრო პირი ლენტით შემოღობილ ტერიტორიაზე დგას

„ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ზოგადი დაძაბულობა შენარჩუნებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 53-ჯერ დაარღვიეს, ხოლო აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის აზერბაიჯანული სამხედრო დანაყოფები ადგილზე შექმნილ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარეც ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა სოციალურ ქსელში განმარტა, რომ „წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე სიტუაცია შედარებით მშვიდია“.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებული უფრო მეტად აზერბაიჯანული მხარეა, სადაც მსხვერპლი 13-მდე გაიზარდა. სომხურ ცეცხლს რიგით სამხედროებთან ერთად აზერბაიჯანელი პოლკოვნიკი და გენერალიც ემსხვერპლნენ. გარდაიცვალა 1 სამოქალაქო პირიც. რამდენიმე ათეულს აღწევს დაჭრილთა რაოდენობაც.