მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Charlie Hebdo ერდოღანზე კარიკატურას აქვეყნებს

ერდოღანზე კარიკატურა ვრცელდება

ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალი Charlie Hebdo ამჯერად თურქეთის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე კარიკატურას აქვეყნებს. კარიკატურაზე ერდოღანი საცვლებშია გამოსახული, ერთ ხელში მას სასმელი უჭირავს, ხოლო მეორე ხელით ჩადრიან ქალს კაბას უწევს. „ერდოღანი პირად ცხოვრებაში ძალზე კეკლუცია“ - აწერია კარიკატურას.

ჟურნალის ნომერი, რომელზეც ერდოღანის კარიკატურაა ნაჩვენები, ჯერ არ გამოსულა, თუმცა ინტერნეტში ეს ნახატი უკვე გავრცელდა. ჟურნალის ეს პუბლიკაცია საფრანგეთ-თურქეთის ურთიერთობების გართულებას უკავშირდება. ამის შესახებ reuters იუწყება.

ოფიციალურმა ანკარამ ეს ფაქტი უკვე დაგმო. „ეს კარიკატურები ამაზრზენია, ის რასიზმის და სიძულვილის გამავრცელებელია. ეს ქსენოფობიური და ისლამოფობიური კულტურული გარემოს შედეგია, რაც საფრანგეთის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, სურს თავისი ქვეყნისთვის“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფაჰრეთინ ალთუნმა.

კონფლიქტი პარიზსა და ანკარას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის სეკულარული ფასეულობების დაცვის განცხადებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი კარიკატურის გამოქვეყნება, მათ შორის წინასწარმეტყველ მოჰამედზე. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ისლამი ამჟამად კრიზისს განიცდის. საფრანგეთის ლიდერმა ეს პარიზის გარეუბანში რელიგიურ ნიადაგზე მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ განაცხადა.

ამის საპასუხოდ ერდოღანმა მაკრონის საქციელს არასწორი უწოდა და მას ფსიქიატრთან მკურნალობა ურჩია. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მაკრონი იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, ვინც ისლამურ რელიგიას მიეკუთვნება. პარიზმა ერდოღანის უხეში სიტყვები დაგმო და თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.