მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი Covid-19-თან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას დათანხმდა

ჩინეთი მზად არის კორონავირუსის წყაროს დასადგენად გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიებას მხარს უჭერს. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა.

„ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ვირუსის წყაროს დასადგენად“, - აღნიშნა მინისტრმა. „მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს პროფესიონალური, კონსტრუქციული და მიუკერძოებელი“, - დაამატა ვან იმ და განმარტა, რომ ამ პროცესში არ უნდა მოხდეს „პოლიტიკური ჩარევა“. დიპლომატის თქმით, ამერიკამ უნდა შეწყვიტოს ჩინეთზე ცილისწამება.

მანამდე ჩინეთი არ ეთანხმებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებაში. 19 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ დაამტკიცა გამოძიება კორონავირუსული პანდემიის შესახებ. დავა ვირუსის წარმოშობის ადგილსა და მიზეზზე მიმდინარეობს.

ჩინეთის მედიის ცნობით, პირველად კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანის ბაზარში ზღვის პროდუქტებით მოვაჭრეს დაუფიქსირდა. ამ ვერსიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც დაუჭირა მხარი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება შესაძლოა, უჰანის ბაზრიდან არ მომხდარა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი ჩინეთის არაკომპეტენტურობის გამო დაიღუპა.

ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ სპეციალურად მიდის კონფრონტაციაზე ჩინეთთან, რათა ორი ქვეყანა „ცივი ომის ზღვარზე“ მიიყვანოს.

ბრიტანულმა გამოცემამ The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში მალავდა და ანადგურებდა მონაცემებს უჰანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ. ამ დასკვნამდე დასავლეთის 5 ქვეყნის დაზვერვის სამსახური მივიდა.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. დღემდე Covid-19-ით მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონ 417 ათასსზე მეტი ადამიანი ინფიცირდა, ხოლო 344 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.