მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დისნეი პლიუსმა“ 7 წლამდე ბავშვებისთვის „პიტერ პენი“, „დამბო“ და „არისტოკრატი კატები“ დაბლოკა

„პიტერ პენი“, „დამბო“, „არისტოკრატი კატები“ - მულტფილმები Pia.ge

თუკი დისნეის ძველი მულტფილმები გიყვართ, სავარაუდოდ, რასისტი ხართ.  ამგვარ განმარტებას აკეთებს სტრიმინგ სერვისი „დისნეი პლიუსი“, რომელმაც 7 წლამდე ბავშვებისთვის ყველასთვის საყვარელი მულტფილმები - „პიტერ პენი“, „დამბო“ და „არისტოკრატი კატები“ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.

მომხმარებლების საბავშვო კრებულიდან 7 წლამდე ბავშვებისთვის გაქრა მულტფილმები: „პიტერ პენი“, „დუმბო“, „არისტოკრატი კატები“ და ასევე, ფილმი „შვეიცარიული ოჯახი რობინსონი“. სერვისის ხელმძღვანელების თქმით, ყველა ამ მულტფილმის სიუჟეტები რასისტულ სტერეოტიპებს შეიცავენ.

ასე, მაგალითად, „პიტერ პენი“ იმიტომ დაიბლოკა, რომ ამერიკელ ინდიელებს მულტფილმში „წითელკანიანებს“ უწოდებენ. „არისტოკრატი კატები“ მიუწვდომელია იმიტომ, რომ მულტფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი - სიამის კატა შან გონი - აზიატების კარიკატურადაა წარმოჩენილი. ფილმი „შვეიცარიული ოჯახი რობინსონი“ სიუჟეტში „ყვითელი მეკობრეებისა“ და „ყავისფერი მეკობრეების“ არსებობის გამო გააკრიტიკეს. ამავე ჩამონათვალშია მულტფილმი დიდყურებიან სპილოზე - „დამბო“ აკრძალულ სიაში შავკანიანი მონების მიერ შესრულებული სიმღერის გამო მოხვდა.

ამავე დროს, „დისნეი პლიუსის“ საბავშვო ანგარიშებზე დაბლოკილი მულტფილმები ხელმისაწვდომია ზრდასრული მომხმარებლების პროფილებში წარწერით: „აღნიშნული კონტენტი ნეგატიურად წარმოაჩენს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, აგრეთვე, სიუჟეტში შესაძლებელია იხილოთ ამ ადამიანების მიმართ ბოროტული დამოკიდებულება. ეს სტერეოტიპები ადრეც მცდარი იყო და ახლაც ყალბია“.

„დისნეი პლიუსის“ საბავშვო ანგარიშიდან წაშლის გადაწყვეტილება ექსპერტების ჯგუფმა მიიღო, რომლებიც იმის შესაფასებლად მიიწვიეს, თუ „რამდენად მოიცავს კონტენტი გლობალურ აუდიტორიას“.

„დისნეი“ საკუთარ ვებგვერდზე განმარტავს, რომ კომპანიის მიზანია, შექმნას ისტორიები ინსპირაციებით, რომლებიც მსოფლიოში ადამიანების გამოცდილების მრავალფეროვნებას ასახავს.

„აღნიშნული მულტფილმების წაშლის ნაცვლად, გვსურს, ვაღიაროთ მათი ცუდი ზემოქმედება, ეს უნდა გახდეს ჩვენთვის მაგალითი და დავიწყოთ საუბარი, რათა ერთად შევქმნათ უფრო ინკლუზიური მომავალი. ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს, მაგრამ შეგვიძლია ვაღიაროთ ის, ვისწავლოთ მისგან გაკვეთილი და ერთად შევქმნათ ხვალინდელი დღე, რომელზეც ახლა მხოლოდ ოცნება შეგვიძლია“.