მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

EBD: საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთს და დანიას, თან თბილისი ხუთჯერ უფრო მეტად უსაფრთხოა კრიმინალური მაჩვენებლებით, ვიდრე პარიზი ან ლონდონი

European Best Destinations საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

რუბრიკიდან „ზაფხული ევროპაში“ პოსტ-პანდემიურ პერიოდში “European Best Destinations”-ის ინფორმაციით გთავაზობთ 20 ყველაზე უსაფრთხო ადგილს მოგზაურობისა და ტურიზმისთვის.

მაშინ, როდესაც მთელს ევროპაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები მცირდება, საზღვრები იხსნება და ახალი გზები ჩნდება ვიზიტორების უსაფრთხო მოგზაურობისთვის, ევროპის საზაფხულო კურორტები რეალურ შესაძლებლობად გვევლინება განტვირთვის მოსურნე მოგზაურებს - წერს European Best Destinations-ზე სტატიის ავტორი სესილია როდრიგესი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ისეთი კრეატიული კონცეფციების წყალობით, როგორიცაა ახალი კორონავისურის კრიზისისგან ოფიციალურად გათავისუფლებულ ქვეყნებს შორის დამყარებული „საჰაერო ხიდები“, „სამოგზაურო ბუშტები“ და „საკურორტო დერეფნები“ (სადაც ვიზიტორების კარანტინში მოთავსება არ არის საჭირო), მთავრობები, საერთაშორისო ინსტიტუტები და ტურიზმის სპეციალიზებული ორგანიზაციები ახალ ინიციატივებსა და პროტოკოლებს აწესებენ ჯერ მეზობელ ქვეყნებში ტურიზმის განსაახლებლად და შემდეგ - რამდენიმე კვირაში - საერთაშორისო მოგზაურობის პიკური საზაფხულო სეზონისთვის.

საზაფხულო არდადეგები ევროპაში შეიძლება მომდევნო თვეს განახლდეს „საჰაერო ხიდების“ საშუალებით, იუწყება ბრიტანული გაზეთი The Sun.

„ახლა ბევრი ევროპული ქვეყანა ხსნის საზღვრებს, ფრენებს და სასტუმროებს“ - აცხადებს ორგანიზაცია European Best Destinations (EBD), რომელიც ევროკომისიის EDEN Network ("European Destinations of Excellence") ქსელის ფარგლებში ფუნქციონირებს და რომელსაც კონტინენტზე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა აქვს მიზნად დასახული.

„იმ მოგზაურთა დასახმარებლად, რომლებსაც „სახლში გამოკეტვის შემდეგ ევროპაში მოგზაურობა სურთ, თუმცა არ იციან სად წავიდნენ და უსაფრთხოების რა ზომები მიიღება ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების მიერ, ორგანიზაცია EBD 20 დანიშნულების ადგილის ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე დაბალი იყო ახალი კორონავირუსის ეფექტი (ე.ი. სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 600-ჯერ დაბალია). ჩამოთვლილ ქვეყნებში დასვენების ადგილები საავადმყოფოებთან ახლოს მდებარეობენ და იმაზე მეტი საწოლის რესურსი არსებობს თითო მოსახლეზე, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, თან ძალიან კონკრეტული პროტოკოლები ხორციელდება დაბინავების, კვებისა და სავაჭრო ობიექტებში ჰიგიენის ნორმების დაცვის მიზნით. ასევე, ამ ქვეყნებში ახალი ზომებია დაწესებული ყოველი ახალი მოგზაურისთვის კონდიცირების სისტემებში ფილტრების რეგულარული გამოცვლის, პირბადეების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფისა და სოციალური დისტანცირების მხრივ“ - აღნიშნავს European Best Destinations .

EBD მოგზაურობის მსურველებს სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენაც მოუწოდებს:

„სანამ სიაში მითითებულ რომელიმე ამ ლამაზ ადგილს მიაშურებთ, ორგანიზაცია EBD გირჩევთ:

• სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ დაგავიწყდეთ ბარიერული ჟესტები, სოციალური დისტანცირება, პირბადეების ტარება - როდესაც ეს შესაძლებელი და აუცილებელია

• ნუ წახვალთ მოგზაურობაში, თუ ჯანმრთელობა სუსტი გაქვთ

• ხანდაზმული ადამიანები 70 წლის ზემოთ, ასევე ჭარბი წონის მქონე პირები და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ

• მოგზაურთა პასუხისმგებლობაა დაიცვან მოწყვლად კატეგორიაში მყოფი საყვარელი ადამიანები და მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები“, - განმარტავს EBD.

European Best Destinations გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, რადგან ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ დაბალია:

1. საქართველო, თბილისი

„თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ის ერთერთია ახალი კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის. საქართველომ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ეპიდემიის ძალიან დაბალ დონემდე შესანარჩუნებლად მიიღო ზომები. ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ დაბალია.

ქვეყანა 1 ივლისიდან ხსნის საზღვრებს, სამედიცინო ზომებს ახორციელებს მოგზაურთა და ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, უსაფრთხო დასვენებისა და განტვირთვის მოსაწყობად. თბილისი ფართო თვალსაწიერის მქონე ქალაქია, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება კარგად ერწყმის ერთმანეთს. ახლა ის უფრო ტრენდულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქალაქი იდეალურია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. აღფრთოვანება აქ გარანტირებული გაქვთ.

ბრწყინვალე ოსმალური შენობები კარგად ერწყმის შუა საუკუნეების, ნეო-კლასიკურ, საბჭოთა და უკიდურესად თანამედროვე არქიტექტურას. საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთს და დანიას, თან თბილისი ხუთჯერ უფრო მეტად უსაფრთხოა (კრიმინალური მაჩვენებლებით), ვიდრე პარიზი ან ლონდონი. ქალაქს ტურისტებისთვის განკუთვნილი ბინების დიდი არჩევანი გააჩნია, რასაც ამჟამად მოგზაურები მეტად ეტანებიან. აქვეა მცირე ზომის, ბუტიკის სტილის და საოჯახო სასტუმროები.

„დამატებითი არგუმენტი გჭირდებათ? 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან თბილისის კერძო ვილაში დარჩენა 4-ჯერ უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ჯგუფის იგივე სასტუმრო ევროპის სხვა დედაქალაქში“ - იუწყება ორგანიზაცია EBD.

2. საბერძნეთი, კორფუ

3. ხორვატია, კავტატი

4. აზორის კუნძულები

5. საბერძნეთი, პრევეზის ნომი

6. პორტუგალია, ალენტაჟუ

7. საქართველო, აჭარის რეგიონი, ბათუმი

საქართველო ცალსახად ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც ბევრად ნაკლებად დაზარალდნენ ახალი კორონავირუსისგან. ძალიან სწრაფად დაწესდა აქ ზომები, რომელთა წყალობით ეპიდემია უკიდურესად დაბალ დონეზე იქნა შეკავებული. აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

ბათუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის ძირში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. ის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და თავისი ზომით - ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი ქალაქი.

ბათუმს ასევე მოიხსენიებენ „შავი ზღვის ლას-ვეგასად“. ორგანიზაციის EBD ინფორმაციით, ის „მშვენიერი ხედების, ძლიერი კულტურის და ლეგენდარული სტუმარ-მასპინძლობის შესანიშნავი ნაზავია. ეს მშვენიერი ქალაქი გიწვევთ განიცადოთ უძველესი ისტორიის მქონე ადგილებისა და თანამედროვე ყოფის კონტრასტი“.

ახალი კორონავირუსის კონტექსტში ბათუმი ევროპაში არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად გვევლინება, არამედ ის ასევე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, სადაც კრიმინალური დონის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში.

„აჭარის რეგიონს გამაოგნებელი მრავალფეროვნება გააჩნია: ზღვის თვალუწვდენელი სანაპიროები, მაღალი მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, მშვენიერი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინოები და ამოუცნობი სამზარეულო, შეიგრძნოთ ეკო-ტურიზმის ძალა, გახდეთ გულღია მასპინძლების სტუმრები. ცამდე აწვდენილი აჭარის მთები ბუნებასთან ჰარმონიულად გაგრძნობინებთ თავს. ბათუმი ასევე შესანიშნავია შემოდგომაზე: ჰაერის ტემპერატურა ძალიან სასიამოვნოა სექტემბერსა და ოქტომბერში. ბათუმს 30-ზე მეტი საავადმყოფო გააჩნია, მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკებიც, რომლებიც სამედიცინო კრიზისის დაწყებიდან არც ყოფილა გადატვირთული. ქალაქი და ქვეყანა მოგზაურებისთვის 1 ივლისიდან იხსნება. კარანტინის რეჟიმში მგზავრის მოთავსებას არავინ ითხოვს“, - აღნიშნავს EBD.

8. ხორვატია, ზაგრები

9. პორტუგალია, ალგარვი

10. რუმინეთი, სიბიუ

11. მონტენეგრო, კოტორი

12. ხორვატია, რიეკა

13. პოლონეთი, ვარშავა

14. ავსტრია, ვენა

15. სლოვენია, ბოჰინი

16. მალტა

17. პოლონეთი, გდანსკი

18. ლიტვა, ვილნიუსი

19. ლატვია, რიგა

20. ფინეთი, ველური ტაიგა