მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანმა ურანის რეკორდულ დონემდე გამდიდრება დაიწყო

გამდიდრებული ურანი ირანში

ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ თეირანმა ურანის რეკორდულად მაღალ დონემდე, 60%-მდე გამდიდრება დაიწყო. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

„ამჟამად ჩვენ საათში გამდიდრებული ურანის 9 გრამს ვიღებთ“ - განაცხადა სალეჰიმ. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ინფორმაციით, ურანის გამდიდრება ნათანზის ობიექტზე მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე დღის წინ სერიოზული ავარია მოხდა. თეირანმა ობიექტზე ელექტროენერგიის გათიშვაში ისრაელის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ 60 %-იანი ურანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად საკმარისი არ არის, თუმცა ეს ქვეყნის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებას გაართულებს.

თეირანის ინფორმაციით, გამდიდრებული ურანი სამედიცინო სფეროში იქნება გამოყენებული. ევროკავშირის ექსპერტები აცხადებენ, რომ თეირანს ამისთვის 60%-იანი ურანი არ სჭირდება და ირანის ეს გადაწყვეტილება ნათანზის ტერაქტზე პასუხია. ასევე თეირანი მას ვენაში ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

თეირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ატომური იარაღის შექმნა არ იგეგმება.