მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანკა ტრამპი პროკურატურაში დაიკითხა

ივანკა ტრამპი დაიკითხა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი, ივანკა ვაშინგტონის პროკურატურამ დაკითხა. საქმე ეხება 2017 წელს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას. ამის შესახებ cnbc.com იუწყება. 

ივანკა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. მან „ტვიტერში“ დაწერა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე დაახლოებით 5 საათი გაატარა.

„პროკურატურას აინტერესებდა თუ რა ფასები მოქმედებდა Trump Hotel-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს. მე ელექტრონული წერილი მივაწოდე, სადაც სასტუმროს მიერ დაწესებულ ფასებზე და სხვა დეტალური ინფორმაციაა მითითებული“ - აცხადებს ივანკა ტრამპი.

მისი თქმით, ეს გამოძიება „პოლიტიკურად მოტივირებულია და გადამხდელების თანხების უაზრო ხარჯვას წარმოადგენს“.

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის დედაქალაქის პროკურორმა ინაუგურაციის კომიტეტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წელს ამ ორგანიზაციამ Trump Organization-ის კუთვნილ სასტუმროში 1 მილიონ დოლარად საბანკეტო დარბაზი და სტუმრებისთვის სასტუმროს ნომრები იქირავა და მათი კვების თანხა გადაიხადა. პროკურორის თქმით, სასტუმროს ოთახების ფასი ხელოვნურად გაზრდილი იყო, ხოლო საბანკეტო დარბაზი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა.