ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "მთავრი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც იგი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
"მასმედიის საშუალებით მოჰყავთ წარუმატებელი ჟურნალისტის განცხადება საქართველოდან, რომ სავარაუდოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების დაკვეთით მისი ლიკვიდაცია მზადდებოდა. სინამდვილეში, მე საერთოდ არ ვარ დაინტერესებული ბედით განაწყენებული ადამიანებით. ისინი ცდილობენ თავი გამოიჩინონ ინფორმაციულ სფეროში, მაგრამ მათ ხავსი უფრო და უფრო მეტად ეკიდებათ.
ამჯერად ამბობენ, რომ მათ დაიჭირეს მკვლელი, რომელიც კადიროვის ბრძანებით აპირებდა, ქართველი ჟუტნალისტის მოკვლას. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე მოქმედებს ჩემი მითითებებით, ის შეასრულებს მას, და თუ დავალება მშვიდად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მით უმეტეს, ღრმა სტაგნაციაში მყოფი თქვენნაირი ქვეყნები ამას ვერ გაიგებენ. გიორგი გაბუნია, როგორც ადრეც ვთქვი, უმჯობესია დაიჩოქოთ და ითხოვოთ პატიება, ბოდიში მოიხადეთ მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები ამ მოქალაქის ხელახალი აღზრდისთვის. გირჩევთ, რომ მან სწორი დასკვნები გამოიტანოს და აზრი დაალაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ის ჩემს მტრად დარჩება",- განაცხადა რამზან კადიროვმა.
ცნობსათვის: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დააკავა რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ „ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.“