მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი ნავალნის 13 წლით ციხეში ჩასმას გეგმავს - Bloomberg

კრემლი ნავალნის წინააღმდეგ

კრემლი გეგმავს, რომ ალექსეი ნავალნი ორ საქმეზე დამნაშავედ ცნოს და საერთო ჯამში 13,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

ერთ-ერთი საქმე „ივ როშეს“ ეხება, რომელზეც ნავალნის ჯერჯერობით პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის აღძვრა იგეგმება.

Bloomberg წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ნავალნის მხარდამჭერთა პროტესტი შენელდება მას შემდეგ, რაც ის ციხეში აღმოჩნდება.

ნავალნის მომხრეები 13 წლით მის შესაძლო დაპატიმრებას „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. „ასეთი სტატიებით ჩვენ პასიური დამკვირვებლების როლში გვაყენებენ. ანუ ცდილობენ იმის ჩვენებას, რომ აი, კრემლმა გადაწყვიტა და ის ამას გააკეთებს“ - განაცხადა ნავალნის შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლეონიდ ვოლკოვმა. ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში რაც შეიძლება დიდი დროით გაუშვას. „გამოუვა თუ არა ეს ხელისუფლებას, პუტინზე კი არა, ჩვენზე დამოკიდებული“ ამბობს ნავალნის თანამებრძოლი.

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. რუსეთში ალექსეი ნავალნი ძებნილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დაარღვია პირობითი წესი „ივ როშეს საქმეში“, რადგანაც არ დარეგისტრირდა რუსულ ინსპექციაში, გერმანიის კლინიკიდან გაწერის შემდეგ. ნავალნის გათავისუფლებისკენ რუსეთს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ჩარლზ მიშელმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს.

23 იანვარს რუსეთის ბევრ ქალაქში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები იგეგმება.

იხილეთ აგრეთვე:

ბაიდენმა აშშ-ის დაზვერვას ნავალნის მოწამვლის შესწავლა დაავალა

ევროპარლამენტმა ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო