მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში დღეს დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

მიანმარში 50 მოკლეს

მიანმარის პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ერთ დღეში საპროტესტო აქციების 50 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.  მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 16 დაღუპულის შესახებ. 

სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები იანგონში, მანდალაიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართეს. სამხედრო ხუნტამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ თუ "შეიარაღებული ძალების დღეს" მათი მხრიდან რაიმე საფრთხე გაჩნდება, უსაფრთხოების ძალები ცეცხლს გახსნიან.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა ამ დღეს „შეიარაღებული ძალების სირცხვილის დღე“ უწოდეს. „გენერლები შეიარაღებული ძალების დღეს მას შემდეგ აღნიშნავენ, რაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მიანმარის დედაქალაქ ნიიფიდოში სამხედრო აღლუმი გაიმართა. როგორც გენერალმა მინ აუნგ ხლაინგმა განაცხადა, ქვეყანაში არჩევნები აუცილებლად გაიმართება. ამასთანავე ხუნტის ლიდერმა კონკრეტული ვადები არ დაასახელა.

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, რაც ქვეყანაში 1-ელ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა, მაინმარში უკვე 400-მდე დემონსტრანტი მოკლეს. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან, მათ შორის 7 წლის გოგო.