მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაიმარჯვა

პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მცირედი უპირატესობით მმართველი პარტიის - „კანონი და სამართლიანობის" კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 51.2%-მა გამოუცხადა ნდობა. მოქმედ პრეზიდენტს მეორე ტურში ვარშავის მოქმედი მერი რაფალ ჟატსკოვსკი უპირისპირდებოდა.

დუდა კონსერვატიული პოლიტიკით გამოირჩევა, ამავე დროს ერთ-ერთი ევროპის იმ მცირე ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც რუსულ საფრთხეს მთელი სიცხადით აცნობიერებს. ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მშპ-ს 2%-ს ხარჯავს, რაც არა უმაღლესი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს მასშტაბით.

პოლონეთი ეტაპობრივად ამცირებს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას და მას შედარებით უფრო ძვირი, მაგრამ სტაბილური ამერიკული თხევადი გაზით ანაცვლებს. პოლონეთს აშშ-სთან ასევე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ანტისარაკეტო სისტემის „პეტრიოტებისა“ და მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლების F35-ების შესყიდვის თაობაზე. პარტნიორობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დუდა გახდა პირველი ქვეყნის ლიდერი, რომელიც კარანტინის შემდეგ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაზე დუდამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსია გაიხსენა. მანვე ტრამპს პოლონეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდა სთხოვა.

ექსპერტებისა და პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, არჩევნები 1989 წლის შემდეგ ყველაზე დაძაბული იყო და გამარჯვებულის წინასწარ დასახელება გადაჭრით არ შეიძლებოდა, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არჩევნებზე აქტიობამ 68%-ს გადააჭარბა.

მომხრეებთან ერთად დუდას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მას ძირითადად LGBT პირების უფლებადამცველები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უპირისპირდებიან. ბრიუსელთან უთანხმოების მიზეზს კი მიგრანტების საკითხი წარმოადგენს.

პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, ანჯეი დუდა პოსტს 5 წლის ვადით, 2025 წლამდე დაიკავებს.