მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტის მე-6 დღე - ბელარუსში აქციები გრძელდება

ბელარუსში დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს

ბელარუსში საპროტესტო ტალღა მე-6 დღეა გრძელდება. აქციას მედიკოსებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა TUT.by ავრცელებს.

არაძალადობრივი საპროტესტო აქციები მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ამ დრომდე არ წყდება. მოქალაქეები მომიტინგეების გათავისუფლებასა და ლუკაშენკოს წასვლას ითხოვენ. ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ. ბელარუსში მიმდინარე მწვავე მოვლენებს როგორც აშშ-დან, აგრეთვე, ევროპიდანაც გამოეხმაურნენ.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6700-ზე მეტი დააკავეს. არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 1000-მდე მოქალაქე დღეს,14 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.