მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: იმ ფილმში ნახსენები ქონება არც მე, არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის (ვიდეო)

პუტინი ნავალნის ფილმზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, ფილმში ნაჩვენები ქონება მას არ ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტმა ეს სტუდენტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამის შესახებ  www.rbc.ru იუწყება. 

„ვიდეოჰოსთინგ YouTube-ზე არის საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ თქვენ გელენჯიკში სასახლე გაქვთ. ეს მართალია?“ - შეეკითხა პუტინს ვიდეოშეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„არაფერი, რაც ამ ფილმში ჩემი ქონების სახით არის ნაჩვენები არც მე, არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის და არც არასოდეს ეკუთვნოდა“ - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოუცლელობის გამო ფილმი არ უნახავს, თუმცა თანაშემწეების მიერ შერჩეული ამონარიდები აქვს ნანახი. "ამ სასახლის თემა ათ წელზე მეტია განიხილება. უნდა არსებობდეს რამე საბუთი, რაც ამ ქონებასთან მე დამაკავშირებს, მიწის ნაკვეთების შეძენა, იჯარის დოკუმენტები და ა.შ. ამის ნაცვლად ნაჩვენებია რაღაცა აუზი, რომელიც მე თვალითაც არ მინახავს და მაჩვენებენ მე, რომელიც ბატერფლაის სტილში ცურავს ამ აუზში. მე ასე მართლაც ვცურავ, ოღონდ ეს ვიდეო 2016 წელს არის გადაღებული, როდესაც ციმბირში, მდინარე ენისეიზე ვცურავდი. ეს არის მონტაჟი, კომპილაცია. ძალიან მოსაწყენია ამის ყურება“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე დაამატა, რომ ფილმში ნაჩვენებ ზოგიერთ ადამიანს არ იცნობს, ზოგს კი იცნობს, მაგრამ შორიდან. ზოგი ბიზნესმენია, ხოლო თავად პუტინს, მისი თქმით, "ბიზნესი არასოდეს აინტერესებდა".

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად პუტინის სასახლეს ეხება.

ობიექტის ფართობი 18 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასზე ფრენებია აკრძალული, ხოლო სასახლის წინ ზღვის აკვატორია დახურულია. ნავალნის ინფორმაციით, სასახლის მშენებლობა 100 მლრდ რუსული რუბლი, ( 1,347 მლრდ დოლარი) დაჯდა.

ნავალნის ინფორმაციით, სასახლის კომპლექსში მიწისქვეშა ყინულის დარბაზი, ეკლესია და 60-მეტრიანი ხიდი შედის. "ეს ყველაზე დაცული ადგილია რუსეთში. ფაქტობრივად სახელმწიფოა სახელმწიფოში. პუტინის ამ ყველაზე დიდ საიდუმლოს ასობით, ან კიდე ათასობით ადამიანი იცავს. ამ ადამიანებში დაცვის წარმომადგენლები, მებაღეები, მშენებლები და რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები შედიან“ - ამბობს ნავალნი საგამოძიებო ფილმში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔰 ნავალნის ფონდმა პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო (ვიდეო)

🔰 რუსეთში ნავალნის მეუღლე დააკავეს