მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის პრესსპიკერი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში თურქ სამშვიდობოებზე საუბარი არ არის

პესკოვი ყარაბაღზე

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ 9-პუნქტიან შეთანხმებაში თურქ სამშვიდობოებზე საუბარი არ არის“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „შეთანხმების ტექსტში ამაზე საუბარი არ არის. ამის თაობაზე სამი მხარე არ შეთანხმებულა. არ ყოფილა შეთანხმებული მთიან ყარაბაღში თურქი სამხედროების ყოფნა“ - განაცხადა პესკოვვმა. ინფორმაციას vedomosti.ru ავრცელებს.

განცხადება იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში რუსი და თურქი სამხედროები განთავსდებიან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დიმიტრი პესკოვმა „სომხეთის და აზერბაიჯანის გამარჯვება“ უწოდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების 2 ათასამდე წარმომადგენელი განთავსდება.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბარი არ არის. „ამ საკითხში ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, პირველ რიგში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ვეყრდნობით“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.