მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა ტრამპის პრეზიდენტობა (ფოტოგალერეა)

როგორ დაიწყო და როგორ დაასრულა ტრამპმა მოღვაწეობა

Aljazeera აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობის 4 წელს იხსენებს და ამას ფოტოკოლაჟს უძღვნის. 

„ტრამპის საგანგაშო მემკვიდრეობა“ - ასეთ სახელს ატარებს ფოტოკოლაჟი. გამოცემა იხსენებს, რომ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვარს გამართული ინაუგურაციის შემდეგ გახდა. სწორედ იმ დღეს მოხდა რამდენიმე შეტაკება აშშ-ში, რამაც ტრამპის პრეზიდენტობას მაშინვე ჩრდილი მიაყენა.

4 წლის შემდეგ, როდესაც ტრამპი საპრეზიდენტო სავარძელს ტოვებს, ვაშინგტონის ცენტრში, კაპიტოლიუმის მაღლობზე სისხლისმღვრელი შეტაკება მოხდა, როდესაც ტრამპის რამდენიმე ასეულმა მომხრემ კაპიტოლიუმის შენობაზე იერიში მიიტანა, რათა ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი შეეფერხებინა.

2021 წლის 6 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კაპიტოლიუმის დასავლეთ ფლიგელში შეაღწიეს. მათ მინები ჩაამსხვრიეს, რასაც შენობის დაცვასთან შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 52 დააკავეს.

4 წლის წინ, ამავე კაპიტოლიუმის კიბეებზე ტრამპი აშშ-ის წინა პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტაშს უკრავდა და „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის“ მას მადლობას უხდიდა.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას არჩევნები მოპარეს. ამის მიუხედავად, იგივე დღეს აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

მოგვიანებით ტრამპმა თავის მომხრეებს სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა, ამასთანავე ისინი შეაქო და სიყვარულით მოიხსენია. საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდის კონფედერაციის დროშებს აფრიალებდნენ, რომელიც სამხრეთ შტატების სიმბოლო იყო. ეს სიმბოლო პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ თეთრკანიანების უპირატესობას განასახიერებს.

2017 წელს აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ახალი პრეზიდენტის და მისი პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამოხატა. აქციების უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას ის შეტაკებებში გადაიზარდა.

ამასთანავე, ტრამპის მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური აქციები მოძრაობამ Black Lives Matter-მა მოაწყო, რომლის მონაწილეები შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას აპროტესტებდნენ. ფლოიდი პოლიციის მიერ დაკავების დროს 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა.

პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან ტრამპს მედიაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ის მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებდა, ხოლო მედიის წარმომადგენლებს ხალხის მტრებად მოიხსენიებდა. 2020 წელს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მედიაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თავდასხმა საზოგადოებაში კონსენსუსს ზიანს აყენებს და საზოგადოების გახლეჩას ხელს უწყობს.

6 იანვარს ტრამპის მომხრეებმა სააგენტო Associated Press-ის აპარატურა გაანადგურეს, როდესაც ჟურნალისტები კაპიტოლიუმთან მიმდინარე მოვლემებს აშუქებდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაზე მომიტინგეებმა დაწერეს „მოკალი მედია“.

ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა კიდევ 12 დღე მოუწევს. 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ამასთანავე, აშშ-ის საზოგადოებაში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდება, რომ დონალდ ტრამპი არაქმედუნარიანად ცნონ, რისთვისაც 25-ე შესწორება იყოს გამოყენებული. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატიული პარტიის“ წევრთა მიერ შედგენილ წერილში აღნიშნულია, რომ ტრამპი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის და სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ არ აღიარებს 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბაიდენი: ტრამპი აშშ-ში შიდა ტერორიზმს ხელს უწყობს

🔅 „ბაიდენმა არჩევნები მოიგო და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება“ - კინზინგერი