რუსეთში 15 ივლისიდან საერთაშორისო ფრენები ეტაპობრივად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის საავიაციო კომპანიებს დაევალათ აწარმოონ მოლაპარაკებები საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ მათგანთან იქნება შესაძლებელი ფრენების განახლება.
COVID-19-ის პანდემიის გამო, რუსეთმა საზღვარი 27 მარტს ჩაკეტა, თუმცა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით არის შეწყვეტილი.
ფრენებზე აკრძალვა ორ ქვეყანას შორის გასული წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების გამო დაწესდა, როცა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტი და მის მიერ პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სკამის დაკავება გააპროტესტეს.