მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ამტკიცებს, რომ თალიბებთან არასდროს უთანამშრომლია

რუსეთის თანამშრომლობა თალიბებთან

უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთს თალიბებთან არასდროს უთანამშრომლია. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელი და დამფინანსებელი თავიდანვე ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

„რუსეთს თალიბებთან არასდროს უთანამშრომლია. ეს იყო ამერიკა, რომელმაც დაარსა თალიბების მოძრაობა",- განაცხადა პატრუშევმა გამოცემასთან „არგუმენტები და ფაქტები“.

პატრუშევის სიტყვებით, 1980-იან წლებში ვაშინგტონმა ავღანეთში მოჯაჰედების მხარდასაჭერად მილიარდობით დოლარი დახარჯა. მოგვიანებით კი ეს მოძრაობა ავღანეთსა და მთელ რეგიონში ტერორიზმის ხერხემლად ჩამოყალიბდა.

როგორც მან აღნიშნა, 2003 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თალიბების დაჯგუფება რუსეთში ტერორისტულ ძალად ოფიციალურად აღიარეს.

რამდენიმე დღის წინ, New York Times-მა გამოაქყვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი თალიბანთან დაკავშირებულ ჯგუფებს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის გასამრჯელოს სთავაზობდა. აღნიშნულ ბრალდებას აშშ-ში რუსეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს.