მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი: სომხეთი რუსეთ-აზერბაიჯანთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნას ცდილობს

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულ-ოღლი ხელებზე დაყრდნობილი იყურება

„სომხეთი ცდილობს, „კუხოს“ ქვეყნები აზერბაიჯანთან კონფლიქტში შეიყვანოს“, - ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულ-ოღლიმ მედიაჰოლდინგ „როსბიზნესკონსალტთან“ საუბარში განაცხადა.

„ეს პროვოკაცია მიმართულია იმისკენ, რომ მიმდინარე კონფლიქტში გაერიონ„კუხოს“ ქვეყნები და პირველ რიგში, რუსეთი, როგორც ბლოკის მთავარი წევრი, რადგან ეს მოხდა არა მთიანი ყარაბაღის, არამედ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე“ - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 10 ათასზე მეტი ფაქტი გამოავლინა.

„ეს იყო ერთჯერადი სახის მცირე გასროლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩაახშეს, მაგრამ ის, რომ ხუთი დღის განმავობაში ცეცხლი არ გაჩერებულა, რუსეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის შუამავლობის მიუხედავად, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, - განმარტა ბულბულ-ოღლიმ.

„დარწმუნებულები ვართ, რეგიონის ყველაზე დიდ, ავტორიტეტულ ქვეყანას, რომელიც უშიშროების საბჭოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია, შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ისტორიული მისია ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში „ჩვენი“ და „თქვენი“ - არ გამოვა. სურათზე მშვენივრად ჩანს, ვინ ვისი მიწა დაიკავა“, - ასე შეაფასა ბულბულ-ოღლიმ რუსეთის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებული უფრო მეტად აზერბაიჯანული მხარეა, სადაც მსხვერპლი 13-მდე გაიზარდა. სომხურ ცეცხლს რიგით სამხედროებთან ერთად აზერბაიჯანელი პოლკოვნიკი და გენერალიც ემსხვერპლნენ. გარდაიცვალა 1 სამოქალაქო პირიც. რამდენიმე ათეულს აღწევს დაჭრილთა რაოდენობაც.