მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული მედია: ჩვენი ვაქცინა უცხოურზე უკეთესია

რუსული მედია Pfizer-ის ვაქცინაზე

რუსული მედიის ინფორმაციით, გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე უკეთესია. ამის შესახებ გამალეის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„BioNTech და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა მინუს 75-80 გრადუსზე ინახება. ამის გამო მისი ლოჯისტიკა საკმაოდ რთული იქნება. ჩვენი ვაქცინა კი მინუს 18 გრადუსზე ინახება. შესაბამისად მისი შენახვა და ტრანსპორტირება უფრო მარტივი იქნება“ - განაცხადა გინცბურგმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული პრეპარატი ადენოვირუსის საფუძველზე შეიქმნა. „მსგავსი ვაქცინები ადრეც შექმნილა და ის ასიათასობით გამოიყენებოდა. ის სანდოა და ორგანიზმში იმუნიტეტს დიდი ხნით აყალიბებს. Pfizer-მა კი ვაქცინა რიბონუკლეინის მჟავის საფუძველზე შექმნა, ხოლო რამდენი ხნით იცავს ორგანიზმს ეს პრეპარატი, ბოლომდე შესწავლილი არ არის“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

Pfizer და BioNTech 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზის გამოშვებას შეძლებენ, ხოლო 2021 წლის ბოლომდე უკვე ვაქცინის 1 მილიარდ 300 მილიონ დოზას შექმნიან.