მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო MAP-ს უკრაინაზე ადრე მიიღებს - უკრაინული მედია

უკრაინული მედია საქართველოსა და ნატოზე

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებში საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP-ის)  შესახებ კვლავ საუბარი დაიწყო. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი საუბარი ბოლო დროს საერთოდ არ მიდის. საქართველომ კი ალიანსის ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ტექნიკურ დონეზე ის MAP-ის მისაღებად მზად არის. საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. „ამ დროისთვის NATO-ში ოფიციალურად 30 სახელმწიფოა გაწევრიანებული. კიდევ ერთ ქვეყანას - ბოსნიას და ჰერცეგოვინას, აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). NATO კიდევ სამი ქვეყნის  - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ალიანსში მისწრაფებას აღიარებს. თუმცა ეს ციფრები მალე შეიძლება შეიცვალოს“ - წერს „უკრაინსკაია პრავდა“. 

 

გამოცემა წერს, რომ NATO-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ღია მინიშნებები გააკეთა. ეს კი ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ქვეყანა შეიძლება NATO-ს 31-ე წევრი გახდეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება არ მოხდება. ალიანსში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრს მოისმენენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ. მომავალ წელს კი არჩევნები გერმანიაში ტარდება. გაწევრიანების დაჩქარებას შეიძლება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ შექმნილმა სიტუაციამაც შეუშალოს ხელი, რადგანაც სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, თავად იმ ფაქტს, რომ ნატოში საქართველოს ახალ სტატუსზე საუბარი დაიწყო, ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველომ MAP შეიძლება უკრაინის გარეშეც მიიღოს - წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

გამოცემა წერს, რომ ექსპერტები და დიპლომატები ამ საკითხზე არაოფიციალურად დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და ნატოს გენმდივნის სექტემბრის შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგმა სავსებით კონკრეტულ ამოცანებზე ისაუბრა, რაც აშკარად ნატოს და საქართველოს დაახლოებას ნიშნავს.

„ჩვენ ერთმანეთისთვის რადიოსალოკაციო მონაცემების გაცვლაზე შევთანხმდით, ერთად დავუპირისპირდებით ჰიბრიდულ საფრთხეებს, შავ ზღვაზე ერთობლივ წვრთნებს ჩავატარებთ, მოგიწოდებთ, რომ თქვენ (საქართველოს მთავრობა) სრულად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოემზადოთ NATO-ში გაწევრიანებისთვის“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგს ექსპრომტები არ სჩვევია. ეს ფრაზა დიდი ალბათობით NATO-ს მოკავშირეებთან შეთანხმებული იყო. ეს ტექსტი სტოლტენბერგმა ფურცლიდან წაიკითხა და ის ალიანსის ოფიციალურ საიტზეც აიტვირთა. NATO-ს საიტზე საქართველოსთან არსებული ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაჩნდა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის ემზადება „ყოველწლიური პროგრამების იმპლემენტაციის გზით“. მთავარი და გადამწყვეტი აქ ხალხის ნებაა. მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლეობა მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას, უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი მერყეობს, აცხადებს, რომ ქვეყნის უბლოკო სტატუსი უფრო მისაღებია. საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ამას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს. უკრაინაში კი NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბარი მხოლოდ 6 წლის წინ დაიწყო და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ეს თემა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს“ - წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

„საქართველოში აშკარად შორს არიან იმ აზრისგან, რომ NATO-ს წევრობა მას უკვე „ჯიბეში აქვს“, მაგრამ ამ საკითხში თბილისი კიევზე ბევრად უფრო შორს წავიდა“ - წერს „უკრაინსკაია პრავდა“.