მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერბეთის პრეზიდენტმა და ალიევმა სომხეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე ისაუბრეს

აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტები

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან სომხეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ალექსანდარ ვუჩიჩმა ილჰამ ალიევს სომხეთის სამხედრო პროვოკაციისას აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. ამავე ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ თავდასხმების დროს სომხეთმა სერბული იარაღი გამოიყენა.

ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ის მაღალ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანთან მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ამის დასტურად, ალიევი სერბეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბ კოლეგას სატელეფონო ზარისთვის მადლობა გადაუხადა და აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის მიერ სერბული საბრძოლო მასალის გამოყენების ფაქტი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რა დროსაც სამხედრო და სამოქალაქო პოზიციების დაბომბვისას სამხედრო და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

პრეზიდენტმებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და შეთანხმდენ, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან კონფლიქტური ვითარების შესაფასებლად, ქვეყანაში სერბეთიდან მაღალი დონის დელეგაცია გაიგზავნება.

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომავალში იმ ქმედებების დაუშვებლობის შესახებ, რამაც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობა შეიძლება დააზიანოს.

ცნობისთვის, სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი იარაღს სერბეთიდან, საქართველოს გავლით, იღებს.

საქართველომ აზერბაიჯანული გამოცემიოს საპასუხოდ განაცხადა, რომ აღნიშნული მასალა დეზინმფორმაციაა, რომელიც აზერბაიჯანთან სტრატეგიული პატრნიორობის საკითხს ჩრდილს აყენებს.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთმა ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანს 10-ჯერ მეტი იარაღი მიაწოდა, ვიდრე სომხეთს.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტი დღემდე გრძელდება.