მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლოა თუ არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდოს? – Euronews

დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე დაწყებულმა სამხედრო მანევრებმა კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ამის შესახებ Euronews იუწყება. 

Euronews-ის სიუჟეტში ჟურნალისტი შეკითხვას სვამს - შესაძლოა თუ არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდოს? სოციალურ ქსელებში კადრები გავრცელდა, რომელზეც რუსული ჯავშანტექნიკაა გადაღებული. ის ყირიმისა და იმ რეგიონების მიმართულებით გადაადგილდება, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

ეუთოს მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასობით ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, დონეცკის ოლქში მხოლოდ 26 მარტს 493 ასეთი შემთხვევა მოხდა.

პენტაგონის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

რუსეთის მხრიდან ამაზე პასუხი მოვიდა, რომ მას საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების განთავსება შეუძლია და სამხედრო მანევრები არავის არ ემუქრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, კონფლიქტის განახლებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი დამღუპველი იქნება.

„იმედი მაქვს, რომ რუსეთს საქმე აქვს ზრდასრულ ადამიანებთან, რომლებსაც ესმით კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებული რისკები“ - განაცხადა ლავროვმა.

UkraineAlert-ის რედაქტორს პიტერ დიკინსონს მიაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის გამორიცხვა არ შეიძლება.

„2014 წელსაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიას განახორციელებს და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარს შეიყვანს და ეს ხალხი შეცდა. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“- აცხადებს დიკინსონი.

„რუსეთი და უკრაინა შეხების წერტილების გამონახვას ვერ ახერხებენ. სამშვიდობო პროცესი პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. 2019 წელს, როდესაც უკრაინაში ვლადიმერ ზელენსკი გახდა პრეზიდენტი, მოსკოვში, სავარაუდოდ, უკრაინის მხრიდან მეტ მოქნილობას ელოდნენ, მაგრამ უკრაინის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში კვლავ ხისტი დარჩა“ - აცხადებს ჟურნალისტი და ექსპერტი.

დიქსონს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდი საფრთხე შეიძლება სამხრეთიდან მოდიოდეს. მისი აზრით, აგრესიის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის გაერთიანება სცადოს, რათა მოსკოვის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ფართობი გაზარდოს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

🔅 პესკოვი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეზე საუბრობს