მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შევჩენკო: პომპეო საქართველოში ნატოს ბაზის გახსნის შესახებ მოპალარაკებას გამართავს

შევჩენკო პომპეოს ვიზიტზე

რუსი ჟურნალისტი და პოლიტიკური ექსპერტი მაქსიმ შევჩენკო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის დამარცხება და ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება ამ რეგიონში დასავლეთის სერიოზულ მარცხს ნიშნავს და ის რეაბილიტაციას შეეცდება. სწორედ ამას უკავშირებს შევჩენკო საქართველოში 17 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს. პომპეო, რუსი ექსპერტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან ნატოს ბაზის გახსნის შესახებ მოლაპარაკებას გამართავს. ამის შესახებ შევჩენკომ რადიო „ეხო მოსკვი“-ს ეთერში განაცხადა. 

„როდესაც აშშ-ში ასეთი სიტუაციაა, ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხდება, ერთი შეხედვით, პომპეოს ჩამოსვლა საქართველოში დროული არ ჩანს. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთი ხვდება - ვინც სამხრეთ კავკასიას აკონტროლებს, აკონტროლებს საკვანძო სატრანსპორტო არტერიას აზიასა და ევროპას შორის. ეს უმნიშვნელოვანესი რეგიონია და იქ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რუსეთის და თურქეთის პოზიციები გაძლიერდა.

ამიტომ დასავლეთი საქართველოს ხარჯზე რეაბილიტაციას ცდილობს. ჩემი ინფორმაციით, პომპეო შეეცდება საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმდეს ნატოს სამხედრო ბაზის გახსნის თაობაზე. ახლა, როდესაც რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განთავსებით ერევანზე და ბაქოზე ზემოქმედების მექანიზმები მიიღო, აშშ შეეცდება, რომ სამხრეთ კავკასიაზე გავლენა შეინარჩუნოს. ამისთვის კი მას საქართველო სჭირდება“ - აცხადებს შევჩენკო.

შევჩენკო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს მყოფ პირებს, მათ შორის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატს თეა წულუკიანს და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთთან სერიოზული კავშირები აქვთ. "ივანიშვილს საფრანგეთში ბიზნესი და უძრავი ქონება აქვს. ზურაბიშვილი საერთოდ საფრანგეთის მოქალაქეა. წულიკიანი კი იქ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და შემდეგ მუშაობდა" - აცხადებს მაქსიმ შევჩენკო. მისი განცხადებით, საქართველოში ფრანგული ლობის არსებობა ამ რეგიონში ძალთა გადანაწილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ექსპერტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ბოლო დროს საფრანგეთსა და თურქეთს და, ზოგადად, ანკარასა და დასავლეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. რუსეთ-თურქეთის ალიანსი კი სამხრეთ კავკასიაში და მთელ რეგიონში დასავლეთის ფაქტორის სერიოზულ შესუსტებას გამოიწვევს.