მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიის ციხიდან ISIS მებრძოლები გაიქცნენ

ისლამური სახელმწიფო

სირიის ციხიდან ყველაზე დაუნდობელი ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის წევრები გაიქცნენ. გევერენის ციხე სირიის ჩრდილოეთ ნაწილ ქალაქ ჰასაკაში მდებარეობს, რომელსაც აშშ-ის დახმარებით სირიის ქურთული დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებენ.

ამბოხების შედეგად ISIS-ის წევრმა პატიმრებმა დაიკავეს პირველი სართული, დაანგრიეს შიდა კედლები, ჩამოიღეს კარი და ასე შეძლეს გაქცევა - დაწერა ტვიტერზე SDF-ის პრეს–სპიკერმა მუსტაფა ბალიმ. ინფორმაცია CNN-ს შეერთებული შტატებიდანაც დაუდასტურეს.

ამ დროისათვის გაქცეული პატიმრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, მათი რაოდენობა უცნობია, სულ კი რეგიონში ისლამური სახელმწიფოს 12 000-მდე მებრძოლი იხდის სასჯელს.

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო 1999 წელს დაფუძნდა, ძლიერების პიკს კი 2014 წელს მიაღწია, როდესაც სირიისა და ერაყის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მისი მებრძოლები ადამიანებთან ერთად კულტურულ ნაგებობებსაც ერჩოდნენ და ისლამთან შეუსაბამობის ბრალდებით პალმირაშიო ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ქანდაკებები დაამტვრიეს. 2017-2018 წლებში აშშ-ის მეთაურობით კოალიციურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფო“ როგორც ტერიტორიული წარმონაქმნი გაანადგურეს თუმცა მებრძოლთა ნაწილი ცოცხალი გადარჩა. აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას წლების განმავლობაში მეთაურობდა 2019 წლის 27 ოქტომბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს გვირაბში გაქცევის მცდელობისას მოკლეს.