მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის ფრანგი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს დამახინჯებული რუკა გამოაქვეყნა

ფრანგმა პოლიტიკოსმა საქართველოს დამახინჯებული რუკა გამოაქვეყნა

ფრანგმა პოლიტიკოსმა, ოვერნ-რონა-ალპების პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ, ლორან ვოკიემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პრო-სომხური პოსტი და ფოტო, სადაც ნაჩვენებია რუკა, რომელზეც ახალქალაქი სომხეთის, და არა საქართველოს შემადგენლობაშია გამოსახული.

ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მომხდარის შესახებ უწყებამ ფრანგულ მხარეს უკვე აცნობა.

ვინ არის ლორან ვოკიე

ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი ლორან ვოკიე საფრანგეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკელების" ლიდერი 42 წლის ასაკში გახდა. ყოფილმა მინისტრმა თანაპარტიელებისგან ხმების თითქმის 75% მოიპოვა.

ლორან ვოკიე ოვერნ-რონა-ალპის რეგიონის საბჭოს ხელმძღვანელია. ის რესპუბლიკელების მარჯვენა ფრთას წარმოადგენს. პოლიტიკოსი ევროსკეპტიზმს ემხრობა და ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის მომხრეა.

2017-ში ფრანგი პოლიტოლოგები წერდნენ, რომ ვოკიეს ამ პოსტზე დანიშვნა პარტიას კრიზისიდან კი არ გამოიყვანს, არამედ მას დაამძიმებს კიდეც. „რესპუბლიკელების" ახალი ლიდერი ცნობილი იყო, როგორც პარტიის უკიდურესად მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი, ითვლებოდა ევროსკეპტიკოსად და კონსერვატორად. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, იგი იდეოლოგიურად ახლოს იყო „ნაციონალურ ფრონტთან", რომელიც პოპულისტურად და მარგინალურად ითვლება.

ლორან ვოკიეს ძალიან ბევრი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომელთა შორის ბევრი ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსი იყო. მისი თავმჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე დღეში, „რესპუბლიკელები" ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ქსავიე ბერტრანმა დატოვა.

„რესპუბლიკელების" ლიდერის პოსტი ვოკიემ 2019 წლის 3 ივნისს დატოვა.

რა დაწერა ლორან ვოკიემ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს ლორან ვოკიე სოციალურ ქსელებში, „ტვიტერსა" და „ფეისბუკში" გამოეხმაურა.

„ვფიცავ, არასდროს დავთმობ სომხეთსა და არცახს", - წერს ვოკიე „ტვიტერზე".

loran-vokie_o_h.jpeg

ერთ-ერთ ფოტოსურათზე, სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყუთების ფონზე, კარგად ჩანს კედელზე მიმაგრებული რუკა, რომელზეც ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული ახალქალაქი სომხეთის და არა საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. რუკის ამ ინტერპრეტაციამ უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში.