მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: დიდი შანსია, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი წელს დასრულდეს

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი წელს დასრულდება. ამის შესახებ მან „ეურონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას შემდეგ რაც ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებები განახლდა, დონბასისა და ლუგანსკის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის შანსი გაიზარდა.

მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ დიალოგისთვის მზად არის, რადგან კონფლიქის დასრულება მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული უკრაინის 20 მოქალაქის გათავისუფლება სწორედ მოლაპარაკების შედეგია.

„თუ დიალოგი არ იქნება, შედეგი არ დადგება. ეს მე ძალიან კარგად მესმის. თუ არ იქნება დიალოგი, თუ საჭირო არ არაა სატელეფონო ზარები, მშვიდობას ვერ მივაღწევთ. მე დარწმუნებული ვარ ამაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების შეთანხმების საფუძველზე, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 ივლისს ამოქმედდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში ომი 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის დაიწყო. ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა.

საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა ყირიმის ნახევრაკუნძულზე ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები დაიკავეს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ.

2014 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია განახორციელა.