შესაბამის საკითხზე თადუმაძეს შეკითხვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს, სადაც მას, როგორც მოსამართლეობის კანდიდატს, უსმენენ.
"1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა და ვინაიდან ჩემი პროგრამა 5-წლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგრძლივობად მიუთითეს 1993-98 წლები", - განაცხადა თადუმაძემ.
რაც შეეხება სასწავლებლის იურიდიულ სახელწოდებას, რასთანაც, ასევე, არსებობს კითხვები, თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.
"ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი - ეს არის მითითებული. მე დავამთავრე ის 1998-ში. საგადასახადოში რა ერქვა, არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტრაციო ნომერი აქვს, ყველგან ესაა მითითებული. სარეგისტრაციო სახელი სხვაა და საწარმოო სახელი სხვა", - განაცხადა თადუმაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში პარლამენტში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.
შალვა თადუმაძე იმ კითხვებს პასუხობს, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.
შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც იკვეთება- დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. მათი შეფასებით, აუცილებელია შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მთავარი პროკურორის დიპლომი შეისწავლონ და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.