"ვიტოვებ უფლებას, არ ვირწმუნო, რომ ახლა, რაც ხდება ამ დარბაზში არის სპონტანური და უეცარი, მოულოდნელი ამბავი. დილიდან ძალიან ცუდად იკითხება ეს ყველაფერი. ამ ინიციატივას, რომელიც უმრავლესობამ 93 დეპუტატის სახელით დაარეგისტრირა, ხელს აწერს მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე. ამავე დროს ამ კანონპროექტის ავტორებში მითითებულია 2 ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. რაღაც ძალიან კომიკურად ხომ არ ჩანს ეს ყველაფერი? რომ ამ საერთო სახალხო განხილვების, ინიციატივის წარდგენის, პარტიის თავმჯდომარის საჯარო განცხადების შემდეგ, ეხლა განხილვის წინ უმრავლესობის სხდომის მოწვევის მომიზეზება ხდება, რომ უწოდონ ნაჩქარევი, მოუმზადებელი და რაღაც კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო არ არის თურმე საკმარისი. მინდა მოგიწოდოთ გონიერებისკენ, თავი დავანებოთ აქ სპექტაკლის მოწყობას, რომელიც ძალიან უნიჭოდ არის შესრულებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა, თუმცა დღეს უკვე ნაკლებად არის დარწმუნებული, მართებულია თუ არა მისი კომპრომისული გადაწყვეტილება. შესაბამისად მან განხილვის დაწყებამდე და კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უნდა განიხილოს პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი.
პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.