უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ სანამ ცვლილებების პროექტს კენჭს უყრიან, უმრავლესობის სხდომა გაიმართოს.
„გთხოვთ, უმრავლესობის ფორმატში განვიხილოთ და შევთანხმდეთ ქვეყნის სწორ განვითარებაზე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს ხვალ დილით უმრავლესობის სხდომის ჩატარება შესთავაზა.
„არ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ კენჭი ვუყაროთ და ან ერთი აზრი გავიდეს, ან მეორე. გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა ჩავატაროთ და ვილაპარაკოთ. რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტი აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ?“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ ხვალ 12:00 საათზე პლენარული სხდომა დაიწყება. მან კოლეგებს მოუწოდა, რომ უმრავლესობის სხდომა პლენარულის დაწყებამდე ჩაატარონ.
„მეგობრებო, ხვალ 12:00 საათზე გვაქვს პლენარული სხდომა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საარჩევნო რეფორმის გარდა გველოდებიან ჩვენი მოქალაქეები, სახელმწიფო, ქვეყანა. არის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა და ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს ვადებში. შესაბამისად, ხვალ სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში 12:00 საათზე განახლდება. თუ უმრავლესობის სხდომის ჩატარებას მიზანშეწონილად მიიჩნევთ, გთხოვთ, რომ ეს უზრუნველყოთ სხდომის დაწყებამდე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, უქმდება საარჩევნო ბლოკები.