ამინდი

მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - ამინდი 2 აპრილამდე

ამინდის პროგნოზი - მზე, ღრუბელი
1680004968
დაკოპირებულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.

30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1-ელი აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.