მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი საკამათოა, თუ არაფერი შეიცვალა, კონფლიქტი განახლდება“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული საომარი მოქმედებებისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული არმიის მობილიზების შესახებ საუბრობს.

მისი შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 16 ნოემბერს მომხდარი შეტაკება სახელმწიფოთა შორის საზღვრის დადგენის აუცილებლობის გამო მოხდა. 

„კონფლიქტი მოხდა არა ყარაბახში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იქ არ არის დადგენილი საზღვარი. ეს ადგილი იყო სომხეთის ჯარების მიერ დაკავებული და შარშან მოხდა ამ ტერიტორიების გათავისუფლება აზერბაიჯანის არმიის მიერ და ისინი მიადგნენ სომხეთის საზღვარს, რომელიც დადგენილი არ არის. სწორედ ეს არის საკამათო საკითხი, თუ სად გადის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი. ამ ფონზე მუდმივი კამათია და როგორც ჩანს, მხარეებს უკვე ნერვებმა უმტყუნა და რომელიღაც მხარემ მოინდომა, დაეკავებინა გარკვეული ტერიტორიები.

რთულია იმის დადგენა, თუ ვისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, ისინი დაობენ, თუ სად გადის საზღვრის გამყოფი ხაზი და რათა სიტუაცია გაემძაფრებინათ, გადაეყვანათ მოლაპარაკებების რეჟიმში, მოხდა ეს ესკალაცია. მოლაპარაკებების რეჟიმი სურს აზერბაიჯანს, ის მუდმივად მოითხოვს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დადგენას. დაუდგენელი საზღვარი ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია, მან შეიძლება ყოველთვის გამოიწვიოს დაძაბულობა.

შეიძლება რუსეთის მიმართაც იყო გაფრთხილება ორივე მხარის მიერ, რომ რუსეთო, თუ არ ჩაერევი, ჩვენ ასე ვერ ვთანხმდებით. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს თემა ყოფილიყო გააქტიურებული, უფრო მეტად აზერბაიჯანისთვის. ვინც ეს ჩაიფიქრა, მიზანს მიაღწია. მშვიდობა დამყარდა, ოღონდ დროებითი, თუ არაფერი შეიცვალა კონფლიქტი განახლდება. იმედია მხარეები მალე მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და დაიწყებენ მსჯელობას, თუ სად გადის მათი საზღვარი“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. 

უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრისას კონფლიქტოლოგმა განაცხადა, რომ რუსეთს ომი არ აწყობს, თუმცა სურს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობა იყოს, რათა მინსკის ფორმატზე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს და საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

„რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას, იქ რუსეთს არ აწყობს ომი, მაგრამ აწყობს დაძაბულობა, რათა უკრაინა აიძულოს, რომ ისევ მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას და დონბასის მიმართ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მინსკის შეთანხმებაშია გაწერილი და რომელსაც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არ ეთანხმება.

მოგეხსენებათ, იანვარში შედგება მორიგი შეხვედრა პუტინსა და ბაიდენს შორის. ჩემი აზრით, შეხვედრამდე ხდება ტემპერატურის აწევა რუსეთის მხრიდან, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან, ბაიდენთან იყოს მკაფიო პოზიცია, რომ უკრაინა დათმობაზე არ მიდის. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მოკლევადიან დაძაბულობასაც ჰქონდეს იქ ადგილი, რათა მთელი მსოფლიო შეშფოთდეს, რომ მოახდინონ ზემოქმედება უკრაინაზე.

რუსეთი ძალიან უტიფარი, ცინიკური სახელმწიფოა, იგი კონტრშეტევაზე გადადის და ასეთი ქმედებებით უნდა, აიძულოს, რომ ამერიკამ მოახდინოს ზემოქმედება უკრაინაზე. არ მგონია რუსეთს დონბასში ომი სჭირდებოდეს, მას სჭირდება დაძაბულობა და ეს დაძაბულობა აქვს“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.  

შეგახსენებთ, რომ 13, 14 და 15 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.  

სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სწორედ რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. დონბასის სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის ყოველდღიურად ხდება შეტაკება. 

ამავე თემაზე:

🔴 აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

🔴 10 დაღუპული და 12 ტყვედ ჩავარდნილი - სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

🔴 სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

🔴 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხებთან შეტაკებებისას 7 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

🔴 სომხეთში საპროტესტო აქცია გაიმართა - ერევანში ანტირუსული შეძახილები ისმოდა (ვიდეო)

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი