მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამსახურდიასაც უმტკიცებდნენ, თუ ჩამოვიდოდა, ყველაფერი კარგად წავიდოდა და ბოლოს მის გარშემო 4 კაცი დარჩა - ვახტანგ ძაბირაძე სააკაშვილზე

ვახტანგ ძაბირაძე და მიხეილ სააკაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს და არასერიოზულს უწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებები ერთგვარ ტრადიციადაც იქცა და გარკვეული პერიოდულობის ეფექტიც შეიძინა.

მისივე თქმით, ფრაზა სააკაშვილის განცხადებაში, რომ თუ დააპატიმრებენ, ქართველი ხალხი მასაც და ქვეყანასაც გაათავისუფლებს, ფაქტობრივად, ხალხის მიმართ მხარდაჭერის მოწოდებას ნიშნავს.

„ფაქტობრივად ტრადიციად იქცა და გარკვეული პერიოდულობის ეფექტიც შეიძინა განცხადებამ, რომ აუცილებლად ჩამოვა სააკაშვილი. სააკაშვილმა მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც, რომ დაბრუნდნენ. ადრე აპირებდნენ თურქეთის თუ რომელიღაც სასაზღვრო ზონაზე შეკრებას და შემოსვლას ქვეყანაში. ადრე ასეთი იდეა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ახლა ეს იდეა ცოტა შეიცვალა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა, ჩამოვიდნენ საქართველოში და თვითონაც ჩამოვა. პირველად გაჩნდა ფრაზა მის განცხადებაში, რომ თუ მას დაიჭერენ, ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს და ქვეყანასაც. ფაქტობრივად, ეს არის ხალხის მიმართ მხარდაჭერის მოწოდება. რაც შეეხება ამ განცხადების სერიოზულობას, ნამდვილად არასერიოზული განცხადება მგონია“, - აცხადებს ძაბირაძე.

ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას სერიოზულად არ ფიქრობს.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი შეიძლება ქვეყანაში იმ შემთხვევაში დაბრუნდეს, თუ არჩევნების შემდეგ სერიოზული ტალღა აგორდება და მას ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება.

„არც ის მგონია, რომ სერიოზულად ფიქრობდეს საქართველოში ჩამოსვლას. თუ ნახავს, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც დიდი ტალღა აგორდება, რომელსაც ხელისუფლება ვერ უმკლავდება, მაშინ შესაძლოა, მან გარისკოს ჩამოსვლა. გარკვეულწილად თუ მას ექნება დერეფანი, ანუ პირდაპირ თუ შეუერთდება საზოგადოებას და არა პოლიციის კორდონის გავლით. რეალური ვითარებიდან გამომდინარე არანაირი აგრესიული განწყობა მოსახლეობაში ნამდვილად არ არის მის მიმართ.

თუ მაინც აპირებს ჩამოსვლას და მიიჩნევს, რომ უნდა ჩამოვიდეს, ჩემი რჩევა იქნება, რომ ფუჭი მოლოდინია. შესაძლოა, მას უმტკიცებენ, რომ ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ახლა ყველაფერი შეიძლება გააკეთოს და მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ასეთი მხარდაჭერა მას ნამდვილად არ ექნება. ასეთი ნაბიჯის გადადგმა არც მას მოუტანს რაიმე სიკეთეს და არც ქვეყანას.

მეორე საკითხი - ჩვენი არცთუ შორეული წარსულიდან გაიხსენოს სააკაშვილმა, როდესაც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს უმტკიცებდნენ, არ ვიცი ვინ, ალბათ მისი მომხრეები, რომ საქართველოში თუ ჩამოვიდოდა, ყველაფერი კარგად წავიდოდა და ბოლოს მის გარშემო 4 კაცი დარჩა, არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ. ესეც გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება იმას, „ქართულ ოცნებას“ აძლევს თუ არა ხელს, მმართველი გუნდი სამწუხაროდ ოპოზიციისგან განსხვავებით დამაჯერებლად გამოიყურება და საკმაოდ წარმატებული წინასაარჩევნო შეხვედრები აქვს. ჯერჯერობით ოპოზიციიდან მსგავს აქტიურობას ვერ ვხედავ, არადა საკმაოდ ცოტა დრო არის დარჩენილი. ამიტომ ოპოზიცია უფრო უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე.

კითხვაზე საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერის მოლოდინი ხომ არ ექნება? ძაბირაძე ამბობს, რომ თუ მას ასეთი მოლოდინი აქვს, ძალიან მცდარია.

„თუ ასეთი მოლოდინი აქვს, ეს არის ძალიან, ძალიან მცდარი მოლოდინი. სააკაშვილი ძალიან ხშირად ლაპარაკობს, რომ მას ჰყავს მეგობრები დასავლეთში. დასავლეთი შესაძლოა, მხარს უჭერდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილს. თუ რამე აფერხებს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ეს არის სააკაშვილის ფაქტორი. დასავლეთისთვის სააკაშვილი არის გაჭრილი პოლიტიკური ფიგურა. ის, რომ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ეს არაფერს ნიშნავს. სააკაშვილის ჩამოსვლა და ვითარების გამწვავება თუ ვინმეს აწყობს, ერთადერთი ეს არის რუსეთი. მას ყოველთვის აწყობს დაპირისპირება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

ამავე თემაზე:

✔️ „ამ არჩევნებზე ჩამოვალ, დაპატიმრების არ მეშინია “ - სააკაშვილი (ვიდეო)

✔️ „არჩევნებზე არ მისვლა დიდი სისულელეა“ - მიხეილ სააკაშვილი

✔️ „დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს“ - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე